არსენიშვილი ზაირა
არსენიშვილი ზაირა

არსენიშვილი ზაირა ივანეს ასული (30.XI.1933, თელავი - 9.VIII.2015), კინოდრამატურგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1954) და  II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი (1956). მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების კინოდრამატურგი (1972-დან), მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი (1975-დან). დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში" (1972); "აურზაური სალხინეთში" (1975); "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978); "დღეს ღამე უთენებია" (1983); "ორომტრიალი" (1986); "ვალსი პეჩორაზე" (1992); აგრეთვე სცენარი ი. ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის (1979); მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება" (2009). მიღებული აქვს საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია, "ხუთწლედის მატიანე", ფილმის სცენარისათვის –"დღეს ღამე უთენებია" (1984). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ. შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართვ. სახელმწ. პრემია – 1998). მიღებული აქვს პრემია ’’საგურამო’’ (2007) და სსრკ სახელმწ. პრემია, ფილმის სცენარისათვის–"რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1980)

თხზ.: არსენიშვილი, ზ. (1997). რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი : რომანი. თბ., ბ.ს. კომბ-ტი. არსენიშვილი, ზ. (2019). ვა, სოფელო: რომანი. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა., არსენიშვილი, ზ. (2007). კოლაჟი მთვარის შუქზე: რომანი. ეროვნული მწერლობა.