არდოტელი ნოდარ ალექსის ძე
არდოტელი ნოდარ ალექსის ძე

არდოტელი ნოდარ ალექსის ძე (18. XI. 1959, სოფ. არდოტი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი), ენათმეცნიერი. თსუ-ის დოცენტი (1993-1994), პროფესორი (2023), ევროპის აკადემიის პრემირებული წევრი (2018), ცენტრ. ევრაზიული კვლევითი საზ-ების წევრი (2018), საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1998), არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ–ტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1985-1990), მეცნიერი თანამშრომელი (1991-2002), ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორ. გამგე (2002-2006), უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2006-2018), მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2018). იყო ამავე ინ-ტის სამეცნ. საბჭოსა (2018) და სადისერტაციო საბჭოს წევრი (2002-2006). თსუ–ის ჰუ­მანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის კავკასიოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2018), ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა IV საერთაშ. სიმპოზიუმის  (2015), არაერთი სამეცნ. ჟურნალისა და კრებულის სარედაქციო კოლეგიისა და საბჭოს წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1984). ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1991), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2002). ა.ნ. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თანამედროვე ქართულ ენას ს.-ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინ-ტში (1991-1993), ძველ და ახალ ქართულ ენას თსუ-ის ახალციხის ფილიალში (1993-1994), თსუ-ში უძღვებოდა შემდეგ საგნებს: იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა (ფონეტიკა); Сравнительная грамматика дагестанских языков;  Сравнительная грамматика иберийско-кавказских языков (Фонетика); ლინგვისტური კვლევის მეთოდები; Аварский язык – 1; იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა (მორფოლოგია); ენობრივი სიტუაცია კავკასიაში (სემინარი); ჩეჩნური დიალექტოლოგია; ნახურ-დაღესტნურ ენათა შედარებითი გრამატიკა;  ჩეჩნური ენა  და ა. შ.  ა. ნ. არნ. ჩიქობავას სახ.ს ენათმეცნიერების ინ-ტში  ათეული წლების მანძილზე ეწეოდა დაღესტნურ და ნახურ ენათა რთული საკითხების კვლევას, აგრეთვე, ქართ. დიალექტოლოგიის შესწავლას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ა. ნ-ის ღვაწლი ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა კვლევის საქმეში. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორის 10 სამეცნ. წიგნისა, რ-ებიც გამოქ­ვე­ყ­ნე­ბულია საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მის ნაშრომებში შესწავლილია ზოგადი და ისტ. ენათმეცნიერების კარდინალური საკითხები, წარმოდგენილია ქართველურ და ნახურ-დაღესტნურ ენათა ფონოლოგიური სისტემების, მორფოლ. თუ სინტაქსური სტრუქტურების როგორც ისტორიულ-შედარებითი, ისე აღწერითი ანალიზი. კერძოდ, ა. ნ-მ მოახდინა ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ვოკალური სისტემის ანალიზი და, სხვა წინამორბედ ლინგვისტებისაგან განსხვავებით, აღადგინა ოთხი (ა, ე, ი, უ) ხმოვანი. რაც შეეხება ხსენებულ ენათა კონსონანტურ სისტემას, ა.ნ.-მ უგულებელყო მანამდე დაღესტნოლოგიაში ნ. ტრუბეცკოის მიერ გავრცელებული და დამკვიდრებული თვალსაზრისი ლაბიალიზაციისა და ე. წ. ფარინგალიზაციის ფუძეენისეულობის შესახებ იმის გამო, რომ მარტივ და ლაბიალიზებულ (resp. ფარინგალიზებულ) თანხმოვნებს ერთგვარი ბგერათშესატყვისობანი აღმოაჩნდათ. მანვე დააზუსტა არაერთი ბგერათშესატყვისობის ფორმულა და, ახალი საილუსტრაციო მასალის საფუძველზე, წარმოგვიდგინა უფრო მისაღები რეკონსტრუქციის ცდები. ა. ნ. იკვლევდა მთის კავკ. ენების კონტაქტებს ქართველურ ენებთან, რამაც შესაძლებელი გახადა ნათელი მოჰფენოდა მანამდე ბურუსით მოცულ ბევრ პრობლემურ საკითხს.  მან შეადგინა არაერთი კავკასიურ-ქართ. ლექსიკონი და ამით თვალსაჩინო წვლილი შეიტანა კავკ. ლექსიკოგრაფიის განვითარებაში. გარდა ამისა, ა. ნ-მ დაამუშავა ნახურ-დაღესტნურ ენათა ფონოლოგიური სისტემების ქართ. ტრანსლიტერაციისა და ტრანსკრიფციის საფუძვლები, რაც გამოიხატა ამ ენებზე არსებული ტოპონიმების, ეთნონიმების, თეონიმებისა და ანთროპონიმების კვლევა-ძიების შედეგად მიღებული პუბლიკაციებით და ა. შ. ა.ნ.–ს გამოქვეყნებული აქვს სამი პოეტური კრებ., რომელთაგან მესამე წიგნი „ცა და სამშობლო“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია (2023).

თხზ.: არდოტელი, ნ. (2007). დიდოური ენა. გამ-ბა უნივერსალი; არდოტელი, ნ. (2009). ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა. გამ-ბა უნივერსალი; არდოტელი, ნ. (2009). ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში. გამ-ბა უნივერსალი; არდოტელი, ნ. (2014). ბეჟიტური ენა. თბილ. უნტ-ის გამ-ბა; არდოტელი, ნ. (თანაავტორები - რ. აბაშია, ლ. აზმაიფარაშვილი). (2015); არდოტელი, ნ. (2016). ნახურ და დაღესტნურ ენათა შედარებითი გრამატიკა (იხ. http://ice.tsu.ge/of/?page_id=275); არდოტელი, ნ. (2018). ბეჟიტურ-ქართული ლექსიკონი. KEW - Kolegium Europy Wschodniej.