ანდრონიკაშვილი ელეფთერ
ანდრონიკაშვილი ელეფთერ

ანდრონიკაშვილი ელეფთერ ლუარსაბის ძე (25.XII.1910, პეტერბურგი, რუსეთი - 8.IX.1989, დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, თბილ. თბილისში არსებობს მისი სახ. ქუჩა.). დაიბადა გამოჩენილი ქართვ. იურისტის და საზ. მოღვაწის ლ. ანდრონიკაშვილის ოჯახში.  დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნ. ინ-ტის ფიზიკა-მექანიკის ფაკ-ტი (1932). იმავე წელს მუშაობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინ-ტში (ცაგი). მეგობრობდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა ნობელის პრემიის ლაურეატ პ. კაპიცასა (1978) და ლ. ლანდაუსთან (1962). ასწავლიდა თსუ-ში (1934-1945), ის პროფესორია (1948). ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა უნ–ტის ექსპერ. ფიზიკის კათედრას. საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტის დირექტორია (1951 – 1988). ა.ე. მუშაობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემპერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენადს. გაზომა He II ნორმალური კომპონენტის ფარდობითი სიმკვრივისა და სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დაადგინა, რომ ზედენად ჰელიუმს შეუძლია ბრუნვა. უკანასკნელ წლებში თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ამ ბრუნვის გამომწვევი დაკვანტული გრიგალები. მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია და კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების მახასიათებლები. დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით კრისტალების დასხივებისას. ა.ე.–მ დაადგინა, რომ ცხოველთა სიმსივნურ ქსოვილებში წყალი უფრო მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. გაზომა ბიოპოლიმერების შიგამოლეკულური დნობის სითბო. მისი ინიციატივით ინ–ტში, თბილისთან ახლოს, მუშაობდა კავკასიაში პირველი ბირთვული საკვლევი რეაქტორი, სადაც ხდებოდა კოსმოსის პირობებში (ზედაბალი ტემპერატურები და ზემაღალი რადიაცია) გამოსაყენებელი მასალების თვისებების კვლევა (1961-1990). მიენიჭა სტალინური პრემია (1952) და სსრკ სახელმწ. პრემია (1978). დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.