-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ალშიბაია ეთერ (28.X.1924 თბილ.- 9.IV.2015) მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1972). წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1942-1947). მუშაობდა თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე (1947-2014), არჩეული იყო ამავე კათედრის პროფესორად (2006-2009), მოღვაწეობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწ. უნ-ტში (1952). მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავს დიფერენციალურ გეომეტრიას, კერძოდ, ჰიპერსიბრტყითი ელემენტების განაწილების გეომეტრიას აფინურ სივრცეში, რ-იც შეისწავლება კარტან-ლაპტევის ინვარიანტული მეთოდით. მან შეადგინა ჰიპერსივრცითი ელემენტების განაწილების დიფერენციალური განტოლებები, განსაზღვრა ასიმპტოტური და არჰოლონომიურობის ტენზორი და ააგო განაწილებასთან შინაგანად და ინვარიანტულად დაკავშირებული აფინური და პროექციული ნორმალები, და ნორმალთა სხვადასხვა კონები. ა.ე.-მ შემოიღო ახ. ინვარიანტული აფინური ნორმალი და დაადგინა მისი თვისებები და გეომეტრიული არსი; ააგო სიმრუდის და გრეხის ტენზორი, რის საშუალებითაც ნებისმიერი ნორმალისთვის განისაზღვრება ინდუცირებული ბმულობა; შეისწავლა განაწილების სისრულე და დაამტკიცა, რომ განაწილების მესამე რიგის ფუნდამეტური ობიექტი არის სრული. ა.ე.-ს კვლების შემდგომ სფეროს წარმოადგენდა ჰოლონომიური განაწილება, როგორც ჰიპერზედაპირების გეომეტრიის ნაწილი. ამ განაწილებისთვის მან დაადგინა კავშირი ბომპიან-პანტაზის თანადობასა და მიმხები ჰიპერკვადრატიკებით დამყარებულ პოლარიტეტს შორის. ის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით, აგეთვე განათლების სამინისტროს საპატიო სიგელებით.
თხზ.: ალშიბაია, ე. (1998). დიფერენციალური გეომეტრია. უნ–ტის გამ–ბა.