ალექსიძე მარინა მერაბის ასული
ალექსიძე მარინა მერაბის ასული

ალექსიძე მარინა მერაბის ასული (12. IX. 1961, თბილისი) ირანისტი, ფილოლ. მეცნ. კანდ. (1987), ფილოლოგიის დოქტ. (2006), თსუ-ის დოცენტი (1996-2006), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან), თსუ-ის ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. (2006-დან). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1983) და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მიზნობრივი ასპირანტურა თსუ-ში (1987). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საკუთარ სახელთა პოეტიკური სემანტიკა ჰაფეზის ლირიკაში“ (1987). გავლილი აქვს სპარს. ენისა და ლიტერატურის ტრენინგ-კურსები ირანის ისლამური რესპ. ისპაჰანისა (1996) და თეირანის უნ-ტებში(2016). ა.მ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა (1-7), სპარს.-ქართ. ენობრივი და ლიტ. ურთიერთობები, ირანის ძვ. რელიგიები: ისტ. და თანამედროვეობა, სუფიზმი და სპარს. სუფიური ლიტ-რა, სპარს. პოეტიკა. მან შეადგინა რამდენიმე სახელმძღვანელო სპარს. ენისა და ლიტერატურის თეორიის საკითხებზე. ა.მ.-ს კვლევის სფერო მოიცავს სპარს. ლიტერატურის თეორიის საკითხებსა და სპარს.-ქართ. ურთიერთობების ლიტ., რელიგ. და კულტ. ასპექტებს. იგი ავტორია არაერთი წერილისა სპარს. პოეტიკის საკითხებზე, რომელთა ნაწილი შევიდა მის მიერ მომზადებულ სპარს. პოეტიკის სახელმძღვანელოში ,,სპარსული პოეტიკა“(2018). ა.მ.-ს კვლევა სპარს.-ქართ. ურთიერთობების საკითხებზე ორ მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, მისი ინტერესის საგანია ირანში მცხოვრები ეთნ. ქართველები, რ-ებიც ირანის მეფეთა  და დიდებულთა კარზე წარმატებით მოღვაწეობდნენ პოლიტ., სამხ. თუ ლიტ. ასპარეზზე. მეორე მიმართულება მე-19 ს-ის თბილ. ირანული თემის ყოფისა და საქმიანობის მრავალმხრივ კვლევას გულისხმობს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა XIX ს. თბილ. „აზიური“ უბანი, აქ მცხ. ირანელთა პროფ. ჯგუფები და, განსაკუთრებით, სპეციფიკურად „სპარსული“ პროფესიები (მექისეები, თულუხჩები, მირზები, საზანდრები), თბილ., რ-ც ირანელ პოლიტ. ემიგრანტთა თავშესაფარი, ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში და მრავალი სხვ. მნიშვნელოვანია ა.მ.-ს წვლილი სპარს. წყაროების შესწავლის საქმეში. მან შეკრიბა და თარგმნა ყაჯარული პერიოდის (1794-1925) სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურის 63 თხზულების საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდები ,,საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში. სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა“ (2016). კრებ. საყურადღებოა რ-ც ლიტ., ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით. იგი, ერთი მხრივ, წარმოაჩენს XIX ს. ირანის დამოკიდებულებას დასავლ. სამყაროსადმი, რომლის ნაწილადაც „გაევროპულებულ“ საქართვ. აღიქვამს და, მეორე მხრივ, აცოცხლებს საქართვ. და, განსაკუთრებით, თბილ. განვითარების ასოცწლიან პერიოდს (1814-1935). ა.მ. აქტიურად მონაწილეობს ქართ. და საერთაშ. საგრანტო პროექტებში, მათ შორის საქართვ. მეცნ. აკად.,  შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის, RESEARCH SUPPORT SCHEME-ის,  INTAS-ის, FARIG-ის და ბრიტანეთის აკად. პროექტებში.

თხზ.:ალექსიძე, მ. (თანაავტორი). (2006). სპარსული ქრესტომათია, III ტ. თბ., უნივერსალი, ISBN 999405161X; ალექსიძე, მ. (2009). სპარსელები და სპარსული კულტურა XIX საუკუნის საქართველოში. თბ., გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი, ISBN 9789941014789; Alexidze, M. (2011). Georgia and the Muslim East in the Nineteenth Century, G. Tsereteli Institute of Oriental Studies, ISBN 9789941436420; ალექსიძე, მ. (2012). საქართველო XIX ს. ირანელ მოგზაურთა თვალით. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი, ISBN 9789941436321; ალექსიძე, მ. (თანაავტორი). (2017). არფა’ ად-დოულე და საქართველო. თბ., გამომც. არტანუჯი, ISBN 9789941463440; Alexidze, M., (თანაავტორი). (2017). Arfa’ ad-Dowle and Georgia. Artanuji Publishing, ISBN 9789941463662; ალექსიძე, მ. (თანაავტორი). (2025). თანამედროვე ირანელი ავტორები. მხატვრული და არამხატვრული პროზა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9789941363306.