ალექსანდროვი ვასილ გიორგის ძე
ალექსანდროვი ვასილ გიორგის ძე

ალექსანდროვი ვასილ გიორგის ძე (24. V. 1887, ქ. სანქტ-პეტერბურგი - 16. I. 1964, დაკრძალულია ქ. სანქტ-პეტერბურგში). გამოჩენილი მეცნიერი, მცენარეთა ანატომი და ფიზიოლოგი, ბოტანიკოსი, ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი, მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებელი საქართვ. და რუსეთში. ა. ვ.-მა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1912). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე უნ-ტის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე, მცენარეთა ანატომიის ლაბორატორიაში აკად. ვ. ი. პალადინის ხელმძღვანელობით და უძღვებოდა მცენარეთა ანატომიის პრაქტიკუმის კურსს (1912-1915). მუშაობდა საქართველოში, ტფილისის ბოტან. ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ასისტენტად პროფ. ნ. ა. მაქსიმოვის ხელმძღვანელობით (1915–1919); იყო ამავე ლაბორ. ხელმძღვ. (1919-1927). სამეცნ. ხარისხის დაცვის შემდეგ გახდა თბილ. უნ-ტის პროფესორი (1920), იყო თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის ახლად დაარსებული კათედრის პირველი გამგე (1920-1927). კითხულობდა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კურსს თსუ-სა და სხვა საგანმან. დაწესებულებებში (1918–1927); ა. ვ.-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაის, ვაზის, სხვა მერქნიან და ბალახოვან მცენარეთა ანატომიის შესწავლაში. იყო ტომსკის უნ-ტის პროფესორი (1927-1929), სადაც მიჰყავდა მცენარეთა ანატომიის თეორ. და პრაქტ. კურსი. აკად. ნ. ი. ვავილოვის მიწვევით, მუშაობდა ლენინგრადის მემცენარეობის საკავშირო ინ-ტში, მის მიერვე დაარსებული მცენარეთა ანატომიის ლაბორ. გამგედ (1929–1942). ასევე, ხელმძღვანელობდა ლენინგრადის პედ. ინ-ტის ბოტანიკის კათედრას. ა. ვ. სათავეში ედგა სპეციალურ კომისიას, რ-მაც სათავე დაუდო სამუშაოებს სას.-სამ. მცენარეების მოსავლიანობის ამაღლების მიმართულებით (1928). მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1934). ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნ. აკადემიის ლენინგრადის ვ. ლ.კომაროვის სახ. ბოტანიკის ინ-ტის მცენარეთა ანატ. და მორფოლოგიის განყ-ებას (1942). არის მრავალი თვალსაჩინო გამოკვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია „მცენარეთა ანატომია“(1954). მისი ძირითადი შრომები ეძღვნება მნიშვნელოვანი აგროკულტურული და ველურად მზარდი მცენარეების ფიზიოლ. ანატომიას; ა. ვ. იკვლევდა მცენარეთა გამტარ სისტემას, კალციუმის ოქსალატის კრისტალების დაგროვებას და გარდაქმნას, გამერქნიანების პროცესებს, მწვანე პლასტიდების აგებულებას და ფუნქციებს, ნაყოფის აგებულებას და განვითარებას; ა. ვ.-მ შეიმუშავა ფილოგენეტიკურ სისტემატიკაში, გენეტიკასა და სელექციაში ანატ. ნიშნების გამოყენების პრინციპები. შექმნა ლაფანბოჭკოვანი მცენარის ღეროში ბოჭკოების „გრაფიკული“ განსაზღვრის მეთოდიკა; მუშაობდა ექსპერ. ეკოლოგიის საკითხებზე. ა. ვ.-მ ჩამოაყალიბა მცენარეთა ანატომიის სამამულო სკოლა, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ ქართვ. მეცნიერები: ლ. ჯაფარიძე და ქ. ცხაკაია - შემდგომში თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. ა. ვ. არის 200-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები; არის შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი (1945).

თხზ.: Александров, В. (1924). О завядании листьев травянистых растений. Ростов н/Д, Научно-агрономический журнал Юго-Востока России; Александров, В. (თანაავტორი). (1927). Об изменениях содержания крахмала в пластидах листьев при различных климатических условиях. Известия Томского отделения Русского ботанического общества: Т. 2.; Александров В. (1935). Анатомия цветка, плода и семени горохов: опыт сравнительно-анатомического изучения культуры растений. Л.-М.; Александров В. (1936). Анатомия зерна пшеницы. Л.; Александров В. (1937). Анатомия растений: 2-е изд.: переработанное и дополненное. Л.; М.; Александров, В. (1954). Анатомия растений. М., Советская наука.

ლიტ.: Васил Александров.  Большая советская энциклопедия (БСЭ): Т. 2: 2-е изд, 1950.; ალექსანდროვი ვასილ გიორგის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. თბ.,1977, გვ. 102; Липшиц, С. (1947). Русские ботаники: Биографико-библиографический словарь: Т. 1. М.; Яковлева О. (2007). Василий Георгиевич Александров: 1887-1963. М.: Наука, ISBN 5020353167.