ალექსანდრია გიორგი
ალექსანდრია გიორგი

ალექსანდრია გიორგი ნესტორის ძე (07.XI.1918 სოფ. ყულევი, ფოთის რაიონი-22.II.1991 ქ.თბილისი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1952), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1952) უმაღლ. განათლების დამს. მოღვაწე, საქ. სსრ უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1985),  მეორე მსოფლიო ომის წითელი ვარსკვლავის, ალ. ნეველის და სამამულო ომის I ხარისხის ორდენების კავალერი. წარჩინებით დაამთავრა ფოთის პოლიტექნ. შრომის პედ. ტექნ.(1936). მუშაობდა სოფელ ყულევში სკოლის მასწავლებლად (1936-1939). გაიწვიეს  სამხედრო სამსახურში (1939). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945),  იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე. სტალინგრადზე იერიშისას  მიიღო მეორე მძიმე ჭრილობა, დაკარგა მარჯვენა ხელი (10.I.1943). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, იყო სტალინის  სახ.  სტიპენდიანტი, თსუ-ის ასპირანტურა მათ. ფიზიკის სპეციალობით (ხელმძღვ. აკად. ნ. ვეკუა, 1949-1952). დაიცვა დისერტაცია თემაზე „წრფივი შეუღლების ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა და განსაკუთრებული სახის სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები“ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (ხელმძღვ. ნ. ვეკუა, რეცენზენტები: ი. ვეკუა, ნ. მუსხელიშვილი, 1952) და დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკ-ტის მათემატიკის კათედრაზე  ასისტენტად, გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1955- 1991). მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (1956). იყო თსუ-ის მოსამზადებელი ფაკ-ტის დეკანი (1971-1974). მას  სამეცნ. შედეგები ჰქონდა მიღებული კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში.  მათ. აქტუალურ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნ. შრომა. მისი შრომები შეეხება კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს, შეისწავლის ჰილბერტისა და რიმან - ჰილბერტის ტიპის სასაზღვრო ამოცანებს სხვადასხვა გადაადგილებით, როგორც ანალიზურ,  ასევე განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა კლასში. ის იყო ფიზ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს და ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი,  საქ. მათ. საზ-ბის წევრი (1962). იგი  5-ჯერ  აირჩიეს საქართვ. სსრ უმაღლესი სასამართლოს სახალხო მსაჯულად,  იყო მსაჯულთა საბჭოს წევრი. წლების მანძილზე ის  კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს კომპლექსური ცვლადის  ფუნქციათა თეორიასა და მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაღალკვალიფიციურ ფიზიკოსთა თაობის  მომზადების საქმეში. დაჯილდოვებული იყო 3 ორდენითა და 6 მედლით.