ალავერდაშვილი მერაბ შალვას ძე (7. VIII. 1952, მცხეთა), ჰიდროლოგ-გეოგრაფი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1995), საქართვ. ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში (1968-1972), საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი სსრკ-ის გუნდური პირველობის (1970) ჩემპიონი და პრიზიორი, სპორტის ოსტატი. დაამთავრა თსუ გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1974). მუშაობდა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე სახელშეკრულებო თემაში აფხაზეთისა და აჭარის შავი ზღვისპირა მდინარეთა თხევადი და მყარი ნატანის შესწავლის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ კვლ. (1974-1990). ამჟამად არის თსუ-ის გეოგრ. დეპარტ. ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორ. გამგე (1979-დან ). ა. მ. ატარებდა ლექციებს ზოგად ჰიდროლოგიაში, წყლის რესურსების ბალანსურ კვლევაში და ჰიდრომეტრიაში, ხელ-და სტუდენტთა პრაქტიკებს როგორც საქართვ. სხვადასხვა რეგიონში, ისე საზღვარგარეთ (პოლონეთში - ვროცლავის უნ-ტი, რუსეთში-მდ .ვოლგაზე ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, ვალდაიში– წყალსაბალანსო ცენტრალური ლაბორ., სანკტ-პეტერბურგში – ГГИ, მოსკოვში – МГУ). გავლილი აქვს UNESCO-IHE ტრენინგები თბილ. და ჰოლანდიაში – დელფტის წყლის განათლების ინ-ტში; სხვადასხვა წლებში იყო საქართვ. ზოგიერთ პატარა მდინარეზე ენერგეტ. პროექტების კონსულტანტი ჰიდროლოგიაში. ა. მ.-მა დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე „დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების პირობები და გაანგარიშების მეთოდიკა“ (1989). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლებისა და კალაპოტური პროცესების მიმოხილვა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მდინარეებზე განვითარებული კატასტროფული წყალმოვარდნების ხასიათი და მათი გავლენა ჩამონადენზე. ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნ. საქმიანობისათვის დაჯილდოვდა თსუ-ის ოქროს მედლით (2024).
თხზ.: Алавердашвили, М. (თანაავტორი). (1981). Гидрология реки Бзыбь: (Инженерно-геологическое описание, сток воды и наносов), Под ред. Г. Г. Сванидзе, Изд-во Тбил. ун-та; ხმალაძე, ო., ალავერდაშვილი, მ. (თანაავტორი). (1995). ჰიდროფიზიკის ზამთრის სასწავლო-საველე პრაქტიკის მეთოდური მითითებანი, უნ-ტის გამ-ბა; ხალავერდაშვილი, მ. (2003). წყლის რესურსების ბალანსური კვლევა (ლექციების კურსი), უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9992895888; ალავერდაშვილი, მ. (2005). ჰიდრომეტრიის ზაფხულის სასწავლო-საველე პრაქტიკის მეთოდური მითითებანი, უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994012517; ალავერდაშვილი, მ. (თანაავტორი). (2014). ჰიდრომეტრია, სახელმძღვანელო, უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978994133114; ალავერდაშვილი, მ. (თანაავტორი). (2015, 2018, 2022, 2024). რა მოხდა 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში, უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941362244.
ლიტ.: ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.