-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
აკინფიევი ნიკოლოზ (22.VII. 1882, თბილ. - 21.VI.1938, თბილ.). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1906). მუშაობა დაიწყო თბილ. ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად. მიიწვიეს თსუ-ის ფიზიკის კათედრაზე, პარალელურად მუშაობდა გიმნაზიაშიც (1922) და გადავიდა უნ-ტში(1924). თავდაპირველად ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა, ერთი წლის შემდეგ დაიწყო ლექციების კითხვა თეორიულ ფიზიკაში. იგი აირჩიეს კათედრის დოცენტად (1927). პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მონაწილეობდა კათედრის სამეცნ. მუშაობაშიც. მიენიჭა პროფესორის წოდება (1930). უნ-ტში ხელმძღვანელობდა ქართველ ფიზიკოსთა პირველი კადრების აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეს. სტენოგრაფიული წესით რუსულ ენაზე გამოიცა მისი "ლექციების კურსი ოპტიკაში" (1932). მუშაობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინ-ტში (1933-დან). გამოიცა მის მიერ შედგენილი ფიზიკის პროგრამები (1934). მათი შედგენისას ა.ნ.–მ ისარგებლა ა. იოფეს, ჯ. პოლის, ე. გრიმზელის, ა. ეიხენვალდისა და სხვა ცნობილ ფიზიკოსთა სახელმძღვანელოებით. ბოლო ხანებში მისი მეცნ. კვლევის საგანს წარმოადგენდა სითხის ფიზიკურ თვისებათა განმსაზღვრელ მუდმივებსა და შინაგან წნევას შორის არსებული კავშირი.