აფრიდონიძე შუქია ტიმოთეს ასული
აფრიდონიძე შუქია ტიმოთეს ასული

აფრიდონიძე შუქია ტიმოთეს ასული (25. IV. 1940, ქ. თბილისი — 28. V. 2022, თბილისი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. ა. შ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად-ის კიბერნეტიკის ინს-ტის ტექნიკოსად (1965-1969). იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრისა და მასთან არსებული ტოპონიმიკის ლაბორ. თანამშრომელი (1969-1976). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში (XIX-XX სს-ის პროზაული მასალის მიხედვით)“ (1972). ინიშნებოდა საქართვ. მეცნ. აკად-ის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეც. ინს-ტის მეცნიერ თანამშრომლად და განყ-ბის გამგედ (1982-2006). იყო ამავე  ინს-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1982). გახდა თსუ-ის დოცენტი (1976-2006) და პროფ. (2004). ა. შ.-მ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში“ (2003). ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტში სრული პროფესორის სტატუსი (2006-დან). იგი გახდა ილიას სახელმწიფო უნ-ტის ემერიტუს-პროფესორი. წლების განმავლობაში ა.შ. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (2003), მოგვიანებით — პროფესორის (2004). იგი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით (2018). ა. შ.-მ წვლილი შეიტანა ქართ. ენის მეცნ. აღწერისა და სწავლების, ასევე ქართ. და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართ. ენის პოპულარიზაციის საქმეში. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართვ. ტოპონიმიკის, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიისა და ქართ. ენის სტილისტიკის საკითხებს. იყო არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): აფრიდონიძე, შ. (1986). სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში: ენათმეცნიერება. მეცნიერება; აფრიდონიძე, შ. (2002). ჩვენი ენა ქართული. არჩილ სულაკაურის გამ-ობა. ISBN: 999285278X; აფრიდონიძე, შ. (2003). საქართველოს ტოპონიმია, ქვემო იმერეთი: ლექსიკონი ინვერსიული ლექსიკონითა და რუკებით. უნ-ტის გამ-ბა.