-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი კურსდამთავრებული ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე (3. IX. 1914, სოფ. ზანა, სენაკის მუნიციპალიტეტი – 25. XI. 2005, მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტრის ეზო). არქეოლოგი, საქართვ. მეცნ. აკად. წევრ-კორესპ. (1967), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი, მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1936). ამავე პერიოდში მუშაობდა კავკასიათმცოდნეობის, არქეოლოგიის ინ-ტში. არქეოლოგიის მიმართულებით კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე (1937-დან). მიჰყავდა კურსი „წინააზიის არქეოლოგიაში“. ა. ა. იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის არქეოლ. განყ-ების ხელმძღვ. (1953-1980), ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტში ანტ. ხანის არქეოლოგიის განყ-ების გამგე (1972-1976); საქართვ. მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნ. განყ-ების ხელმძღვ. (1980-1987); მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-2002), პრეზიდიუმის მრჩეველი (2002-დან); საქართვ. მეცნ. აკადემიის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის დირექტორი (1943-1952). ა. ა. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პირველი საზ-ებრივი ორგანიზაციისა „ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება“. მან საფუძველი ჩაუყარა წყალქვეშა არქეოლოგიას“ სოხუმის ყურესა და არქეოლოგიურ ექსპედიციას შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში - ბიჭვინთაში (1953-1974). ამ ექსპედიციას დიდი როლი აქვს ანტ. არქეოლოგიის განვითარებაში. ა. ა.-ს მიერ გამოვლენილი ძველი ბერძნ., რომაული წყაროების ციხე-ქალაქი პიტიუნტ-პიტიუსი, ქართულ-აფხაზური „ბიჭუინტა, ადრეული ქრისტიანობის ცენტრი, X-XI ს.ს.-ის კათედრალით, რომლის მომლოცველთა შორის დავით აღმაშენებელიც იყო, მსოფლიო არქეოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ბიჭვინთის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას თავისი ავტორობითა და რედაქტორობით მიუძღვნა „დიდი პიტიუნტისადმი“ შექმნილი შრომების სამტომეული, რომელმაც საქართვ. მეცნ. აკადემიის პრემია დაიმსახურა. ა. ა-მ დანერგა ახალი გეოფიზიკური მეთოდები საველე-არქეოლოგიურ საძიებო სამუშაოებში. მანვე შექმნა საქართვ. მეცნ. პრეზიდიუმში მეცნიერების განყ-ების პირველი კომპიუტერული სამეცნ.-კვლ. ცენტრი, სადაც განთავსდა მონაცემები ქართ. არქეოლ. ძეგლების შესახებ. ა. ა.-ს პირველი სამეცნ. ნაშრომი იყო საკანდიდატო დისერტაცია „ბაკურციხის არქეოლოგიური ძეგლები“ (1941). სადისერტაციო კვლევას საფუძვლად დაედო კახეთში, ალაზნის პირას, სოფელ ბაკურციხესთან აღმოჩენილი გვიან-ბრინჯაოს ხანის მრავალფენოვანი არქეოლ. კომპლექსები, რ-იც მის მიერვე იყო გამოვლენილი (1938). ქართველ არქეოლოგთა შორის იგი პირველი იყო, ვინც დაიცვა დისერტაცია გ. ნიორაძის ხელმძღვანელობით და მიიღო ისტორიის მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი, ასევე პირველმა არქეოლოგთა შორის მოიპოვა ისტორიის მეცნ. დოქტორის წოდება (1961). ა. ა.-ს დიდი წვლილი მიუძღვის მცხეთის არქეოლ. კვლევის საქმეში (1975). მან მცხეთის არქეოლ. ექსპედიციის ბაზაზე, აკად. მ. აბდუშელიშვილთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა პალეოანთროპოლოგთა სამუშაო ჯგუფი. მცხეთასა და მის შემოგარენში გამოვლენილი არქეოლ. ძეგლების საფუძველზე, შეძლო ჩამოეყალიბებინა სამეცნ.-კვლ. „მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა (1994-დან). მისი თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოიცა საეტაპო ტომეულები - „მცხეთა I“(1955), „მცხეთა II-XI“ (1974-2002). ქართულ არქეოლოგიაში საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ა.ა-ს მონოგრაფიას „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში“ (1963), რ-იც განხილული იყო ანტ. პერიოდის „დიდი მცხეთის“ არქეოლ. ძეგლები. აღნიშნული მონოგრაფიისათვის მიენიჭა ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1964). ა. ა.-ს სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის ეზოში ახალი არქეოლ. აღმოჩენა (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან გათხრილი აკლდამა, ე. წ. „ქვაყუთი“). ა. ა.-ს ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ანტ. ხანის ქართ. ქალაქების ისტორიას, მათი წარმოქმნისა და საქალაქო ცხოვრების განვითარების თავისებურებებს. მუშაობდა ქართ. და კავკ. ცივილიზაციის ისტორიის კვლევის გაფართოებაზე, რაც ქართველთმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნ. მიმართულებად იქცა. მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით შეიქმნა პირველი სახელმძღვანელო არქეოლოგიაში „საქართველოს არქეოლოგია“ (1959), რ-იც თსუ-ის გამომც. გამოსცა. ა. ა.-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): აფაქიძე, ა. (თანაავტორი). (1959). საქართველოს არქეოლოგია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; აფაქიძე, ა. (1963). ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში: წ. 1. თბ.: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; აფაქიძე, ა. (1972). ანტიკური ხანის საქართველოს კულტურის ისტორიის საკითხები. თბ.; აფაქიძე, ა. (1975-1978). დიდი პიტიუნტი : არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში. [წიგ.] 1-3. თბ.: მეცნიერება; აფაქიძე, ა. (1978). მცხეთა: არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები: ტ. II: დიდი მცხეთის ადრე-რკინის, ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები. თბ.: მეცნიერება; აფაქიძე, ა. (შემდგენელი). (1980). რუსულ-ქართული არქეოლოგიური ლექსიკონი. თბ. უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: ჯაფარიძე, ო. (თანაავტორი). (2006). დიდი მეცნიერის ხსოვნას: ანდრია აფაქიძე. საისტორიო ძიებანი: წელიწდეული N8-9: გვ. 534-543; აფაქიძე ანდრია. ბიობიბლიოგრაფია. (2014). თბ. უნ-ტის გამ-ბა; ლორთქიფანიძე, გ. (2014). აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე, 100: [ცხოვრება და მოღვაწეობა]. თბ. საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სტამბა.