-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე
აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე (30.X.1940, თბილისი), ფილოლოგი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. კანდ. (1973), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994), კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციისა (GCLA) და მწერალთა საერთაშ. ასოციაციის ევრ. ფორუმის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963) და საქართვ. მეცნ. აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ასპირანტურა (1966). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართ. ლირიკაში“ (1973), სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „XIX-XX სს ქართ. პროზის ჰუმანისტური იდეალი“ (1993). იყო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1976-2007); კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე (1966-1972); საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტის ფილოლ. კათედრის გამგე (1987-2006); ალმანახ „კრიტიკის“ რედკოლეგიის წევრი (1982-1984); ჟურნ. „Литературная Грузия“-ს მთ. რედ. (1996-2003); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1966-2007); ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2009-დან). ა.ზ.-ს ინტერესთა სფერო მოიცავს XIX და XX სს მწერლობის კვლევას. იგი ავტორია რამდენიმე მონოგრაფიისა: „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართ. ლირიკაში“ (1975), „ქართველი მწერლები ეპოქათა ჭრილში“ (2020), „ალექსანდრე ყაზბეგი“ (2021). მისი თანაავტორობით გამოიცა კრებულები: „ქართ. რომანტიზმი, ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები“ (2012), „ლიბერალიზმის ეპოქა ქართ. მწერლობაში“ (2015). ა.ზ.-ს მიღებული აქვს პრემიები: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ლიტ. კონკურსის პირველი ხარისხის (2001); „პარნასი“ წლის საუკეთესო წიგნისათვის „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია“ (თანაავტ. ქ. ელაშვილი, 2007), საქართველოში ეუთო-ს მისიის გრანტი (2010), „გალა“ (2011), „საგურამო“ (2019), გრ. კიკნაძის სახ. (2015).
თხზ.: აბზიანიძე, ზ. (თანავტორი). (2006-2007). სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია: ტ. 1-2. თბ., ბაკმი, ISBN 9994027721, ISBN 9789994027354; აბზიანიძე, ზ. (2009). ლიტერატურული პორტრეტები: (ქართული პოეზიის სამი საუკუნე). თბ., ბაკმი, ISBN 9789994027873; აბზიანიძე, ზ. (2010). გალაკტიონი. თბ., ინტელექტი, ISBN 9789941420115.