აბზიანიძე შალვა გიორგის ძე
აბზიანიძე შალვა გიორგის ძე

აბზიანიძე შალვა გიორგის ძე (08. VIII. 1952, თბილისი-03. IX. 2015, თბილისი), მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1974). სწავლის დასრულებისთანავე დაიწყო პროფ. საქმიანობა თსუ-ში. იყო ლაბორანტი, შემდეგ უფრ. ლაბორანტი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. დაინიშნა სოც. ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტად (1981), ხოლო შემდგომში-ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის პროფესორად. იგი იყო განახლებული ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლ. განათლების სტრუქტურულ განვითარებასა და სპეციალისტების თაობათა მომზადებაში. ა. შ.  აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საზ.-პოლიტ. მოძრაობებში. იყო ეროვნ. ფრონტის წევრი და რადიკალური კავშირის მთ. კომიტეტის წევრი; გახდა საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარული წესით, საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ (1990). იკავებდა ეკონომიკური რეფორმების კომისიის მდივნის თანამდებობას. ა.-მ ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991). სასწ. და კვლევითი საქმიანობა მოიცავდა ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა სოც. ფსიქოლოგია, პოლიტ. და კულტურული ფსიქოლოგია, მცირე ჯგუფების ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, მენეჯმენტის უნარები და სხვ. სამეცნ. ხელმძღვანელობა და პროგრამების კოორდინაცია:  სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამების ხელმძღვ. თსუ-ში; TEMPUS/TACIS-ის და სხვა საერთაშ.  გრანტების კოორდინატორი და ხელმძღვ. საერთაშ.  საქმიანობა და სტაჟირებები: მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მრავალ საერთაშ.  პროექტს გერმანიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, რუსეთში, ავსტრიაში და სხვ.; მონაწილეობდა რედაქციებსა და ჟურნალებში: „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“; „ინტერნეტ აკადემია“; „ამირანი“; "Психологические исследования" თარგმანები და რედაქტირება: რ. გერიგი და ფ. ზიმბარდო-“ფსიქოლოგია და ცხოვრება”; ჯ. ჯავახიშვილი-“ფსიქოლოგიის შესავალი”; დ. ნადირაშვილი- “ეგზისტენციური გეშტალტ თერაპია”. ხელმძღვანელობდა მრავალ დისერტაციას სოციალურ ფსიქ. და ეთნოფსიქოლოგიაში. რჩეული ბიბლიოგრაფია: მას ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი ფსიქ. და სოც. მეცნიერებების მიმართულებით. მათ შორის: „Концепция социализации“ (თსუ-ს სამეცნ. ჟურნ., №161, 1977), „Социализация в процессе развития ребенка“ (თსუ-ს სამეცნ. ჟურნ., №161, 1977), „პიროვნება ინდური და დასავლური ფსიქოლოგიის საზღვარზე“ (თსუ-ის შრომები №222, 1981), „Уровни социализации“ (თსუ-ს სამეცნ. ჟურნ., №222, 1981), „დამოკიდებულებები, ნორმები და ქცევის რეგულაცია“ (დუნაის ქვეყნების ფსიქოლოგთა VIII კონგრესი, 1989), „პიროვნების სივრცითი განზომილებები“ („არქიტექტურა და პიროვნება“, 1998), „ფსიქოლოგიის სწავლების ხელშეწყობის პროექტი საქართველოში“ (თანაავტ., თსუ: საერთაშ. საჯარო პოლიტიკა,  2001), „ქცევის სოციალური რეგულაცია“ („ქართული ფსიქოლ. ჟურნ.“, №5, 2002), „სქესის ფსიქოლოგიური პრობლემები“ – თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები (თანაავტ., 1998), „ნაციონალიზმი ქართველ ახალგაზრდებში და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები“ (2002), „ნაციონალიზმის ფსიქოლოგიური საფუძვლები“ (თანაავტ., „დრო მშვიდობისთვის“, №4, 2004), „ეთნიკური სტერეოტიპების კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“ (თანაავტ.,  ი. ბჟალავას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრ., 2004), „ქცევის დეტერმინანტები“ (თანაავტ.,  ი. ბჟალავას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრ., 2004), „ორგანიზაცია, როგორც კვლევის მრავალგანზომილებიანი ობიექტი“ (თანაავტ.,  ი. ბჟალავას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრ,, 2004), „გადასვლის ტექნოლოგიები საქართველოში“ („ამირანი“, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნ, ჟურნ., ტომი XII, 2006), „პოლიტიკური ვითარება და საქართველოს პარლამენტი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ (თანაავტ., 2008).