-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი შემომწირველი ირანისტი ქართველოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე (17. IV. 1874, სოფ. როკითი, ბაღდათის რაიონი-01. VI. 1962, თბილისი. დაკრძალულია თსუ–ის პანთეონში 2015), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ირანისტი, რუსთველოლოგი, პედაგოგი, ფილოლოგი, ქართველოლოგი. ა. ი. დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლური ენების ფაკ-ტი (ქართ.-სომხ.-სპარს. ფილოლოგიის განხრით, 1900). ალექსანდრე ცაგარელის, ნიკო მარისა და ვ. ჟუკოვსკის რეკომენდაციით მას იქვე ტოვებდნენ სამუშაოდ. პოლიციელებმა ქართ. გიმნაზიის დარბევისას ა. ი. ფეხში დაჭრეს და თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე (1906). ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილში დაბრუნდა და პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას შეუდგა. მუშაობდა მასწავლებლად, თბილისში სპეც. სასწავლებლებსა და გიმნაზიაში ქართ. ენასა და ლიტ-რას ასწავლიდა. აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად იმოგზაურა შუა აზიასა და დას. ევროპაში, სადაც გაეცნო სპარს. ხელნაწერების კოლექციებს (1901-1902). იყო თსუ-ის სპარს. ენის პირველი ლექტორი (1918)და კითხულობდა სპარს. ენისა და ლიტ-რის კურსს (1918), დოცენტი (1927), პროფესორი (1932), დისერტაციის დაუცველად, მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1938), მის მიერვე დაარსებული სპარს. ფილოლოგიის კათედრის გამგე (1939-1953), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ის მუდმივი წევრი (1900-1921), საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ის დამფუძნებელი და ნამდვილი წევრი (1907), საენათმეცნიერო საზ-ის ნამდვილი წევრი, საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე (1915-1919), საქართველოში სპარს. ენის მეცნ. სწავლების ფუძემდებელი. ა. ი. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ფირდოუსის (1934), შემდგომ კი რუსთაველის (1937) სექციას. მანვე შეადგინა პირველი სპარს. ენის სახელმძღვანელო ქართ. ენაზე (1936). თბილ. უნ-ტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარს. ფილოლოგიის კათედრას. ა. ი.-მ აღზარდა ქართვ. ირანისტთა მთელი თაობა. იკვლევდა „შაჰ-ნამეს“, „ვისრამიანს“, ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით (1914, 1926). იყო პოემის საიუბილეო გამოცემის ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი და გამოცემის ვრცელი ლექსიკონის შემდგენელი (1937). გამოსცა „შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის“ ქართ. ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტ-ის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა „ვისრამიანის“ ქართ. და სპარს. ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938) და დაურთო ლექსიკონი. მასვე ეკუთვნოდა იდეა ქართული ტექსტის მონაცემების გათვალისწინებით სპარს. ორიგინალის გამოცემის თაობაზე, რაც მოგვიანებით (1970) მისმა მოწაფეებმა განახორციელეს. ი. ა.-მ შეადგინა და გამოსცა „ირანული ენის გრამატიკა“ ქრესტომათიითა და ლექსიკონით (1936; 1953), „სპარსული ენის სახელმძღვანელო“ (1953). ა. ი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1938), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943). დაჯილდოებულია მედლით „დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.-ში მამაცური შრომისთვის“ (1946).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): აბულაძე, ი. (1908). XII საუკუნის ქართული მწერლობის ხასიათი და რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“. სტამბა ძმობა; აბულაძე, ი. (1927). რუსულ-ქართული ლექსიკონი სალიტერატურო, საპოლიტიკო, სატექნიკო და უცხო სიტყვათა და ტერმინთა ჩართვით, ნაწ. 1.; აბულაძე, ი. (1967). რუსთველოლოგიური ნაშრომები. უნ-ტის გამ-ბა.
მასზე: აბულაძე ა. (თანაავტორი). (1964).იუსტინე აბულაძის შრომების ბიბლიოგრაფია. თსუ შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 108, გვ. 23-29; კობიძე, დ. (1964). იუსტინე აბულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, თსუ შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 108, გვ. 11-21; გვახარია ა. (1975), იუსტინე აბულაძე: (დაბადების 100 წლის შესრულების გამო), თსუ შრომები, N163, ლიტერატურათმცოდნეობა, გვ. 215-218; გვახარია, ა. (1995). იუსტინე აბულაძე-„ვისრამიანის“ მკვლევარი. ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტ-რული ურთერთობის ისტორიიდან, ტ.I, გვ. 192-198; მაქაძე ნ. (2019). იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ. საქ.-ს მეცნ. აკად., ISBN 9789941817960); შურღაია, თ. (2022). იუსტინე აბულაძის რამდენიმე ბიოგრაფიული ფაქტის ახლებური ინტერპეტაციისთვის. აღმოსავლეთმცოდნეობა, N11, გვ. 83-98.