აბულაძე ილია ვლადიმერის ძე
აბულაძე ილია ვლადიმერის ძე

აბულაძე ილია ვლადიმერის ძე (24. XI. 1901, სოფ. ზემო საქარა, ზესტაფონის რაიონი-9. XI. 1968, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ძვ. ქართ. ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი და ფილოლოგი. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში, დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია (1921), შემდგომ შევიდა თსუ-ში (1922), სადაც დაამთავრა სიტყვიერების განყ-ბა (1926) და ლინგვისტური განყ-ბა (1929). ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას (1933-დან). იყო უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი (1945-1951). ა.ი. დაინიშნა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბის გამგედ (1953). მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართვ. ხელნაწერთა ინ-ტი, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა (1958-1968). ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართ.-სომხ. ფილოლ. პრობლემებს. „შუშანიკის წამების“ ქართ. და სომხ. ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართ. ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხ. - თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლების მეცნ. შესწავლა. ა. ი-მ აღმოაჩინა კავკასიის ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართ. ლექსიკას და შეადგინა „ძველი ქართული ენის“ ლექსიკონი. იყო სომხ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნებათა შემსწავლელი ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1936), სომხ. მეცნ. აკად. ენის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1944). ა. ი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1946), პროფ. (1947). ინიშნებოდა საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ-ად (1950). ა. ი.-ს პირადი ბ-კა და ნივთები ხელნაწერთა ინ-ტს გადაეცა (1968). მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი, 647 პერიოდული გამოცემა ქართ., სომხ., რუს. და სხვადასხვა ევროპულ ენაზე; მას მიენიჭა მედალი „სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის“. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): აბულაძე, ი. (1944). ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს-ებში: გამოკვლევა და ტექსტები. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; აბულაძე, ი. (1949). ქართული წერის ნიმუშები: პალეოგრაფიული ალბომი. უნ-ტის გამ-ბა; აბულაძე, ი. (1989). ქართული ენა: საქ. სსრ სომხ. სკოლის I კლ. სახელმძღვანელო. განათლება; აბულაძე, ი. (1997). ძველი ქართული ლიტერატურა: ქრესტომატია: მე-8 კლასის სახელმძღვანელო. განათლება;  აბულაძე, ი. (1998). სულხან-საბა ორბელიანისლექსიკონი ქართული, მერანი.