-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეოლოგი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აბულაძე გიორგი (ჟორა) სარგისის ძე (12. I. 1936, თბილისი), გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ეკონ. გეოგრ. სპეციალობით (1959). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში მხაზველად (1958), შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად კარტოგრაფიულ განყ-ში (1959-დან), მოგვიანებით აეროფოტომეთოდების ლაბორატორიაში. აწყობდა დამოუკიდებელ გლაციოლოგიურ ექსპედიციებს კავკასიონის მყინვარებზე, მათი დინამიკისა და რეჟიმის შესასწავლად (1962-დან); პარალელურად მონაწილეობდა საქართვ. გეოგრ. ატლასის შედგენაში (1964); არის რამდენიმე რუკის ავტორი; გაიარა სამეცნ. სტაჟირება მოსკოვში საკავშ. მეცნ. აკად. გეოგრ. ინ-ტის გლაციოლოგიურ განყ-ში აკად. გ. ავსუკისა და ვ. კოტლიაკოვის ხელმძღვანელობით (1966-1968); მუშაობდა ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნ.-კვლ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის ჰიდროლ. განყ-ში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1970-დან). ა. გ.-მ ამ პერიოდში რეგულარულად ჩაატარა კვლევები გლაციოლოგიაში დისტანციური მეთოდების გამოყენებით (კავკასიონი, პამირი, ალაი, კამჩატკა, პოლარული ურალი, ჩრდილოეთის მიწა, კ. შპიცბერგენი და სხვ.); იყო მის მიერვე დაარსებული დისტანციური ზონდირების ლაბორ. ხელმძღვ. (1987-დან); მუშაობდა ალ. ჯანელიძის სახ. დისტანციური ზონდირების სამეცნ. ცენტრის გამგედ (1989-დან); იმავდროულად იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების სამეცნ.-სასწ. ცენტრის „დედამიწა“ ხელმძღვ.; მისი ინიციატივით თსუ-ში დაფუძნდა დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწ.-სამეცნ. ცენტრი და იყო მისი ხელმძღ. (1992-დან); აქვე შეიქმნა გეოინფორმაციული სისტემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საერთაშ. სასწ. კლასი, სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობით (2001დან), იყო თსუ-ის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორი, პედაგოგი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „მყინვარების კვლევა კარტოგრაფიული, გეოდეზიური და სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდებით” (მდ. ენგურის მაგალიზე)“ (1978, მოსკოვი). ნაშრომში მიღებული შედეგები გლაციოლოგიური რუკების სახით გამოქვეყნდა თოვლ-ყინულოვანი რესურსების მსოფლიო ატლასში (1997); შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: „დისტანციური გლაციოლოგიური მონიტორინგი გლაციოკარტოგრაფიული, გლაციომორფოგრაფიული, გლაციოჰიდროლოგიური ანალიზი: (ცენტრალური კავკასიონის მაგალითზე)“ (1999). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „გლობალური დათბობა-სიმართლე მითებს მიღმა!: (ველური ბუნება)“. (თბილისი, 2021, N 14); „მოძრაობითი რეაქციების რეფლექსური შეჩერება დროის მცირე ინტერვალებით“. (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1976, N2, ტ. 82). მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1963).
ლიტ.: ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.