აბრამიშვილი გურამ
აბრამიშვილი გურამ

აბრამიშვილი გურამ (01.I.1928, ხაშური - 18.III.2002, თბილისი). ხელოვნებათმცოდნე. ქართ. ხელოვნების ისტორიის, საქართვ. ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, არქეოლოგიის, პალეოგრაფიის მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1952); საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1971); საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1981), ღირსების ორდენის კავალერი (2000). თბილ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის ფოტოთეკის გამგე (1953-1962). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1966). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993). თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის პედაგოგი (1969-1974). დოცენტი (1974-1994). პროფესორი (1994-2002). სხვადსახვა დროს თსუ-ში მიჰყადა კურსები: „შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება“ და მუზეუმცოდნეობა“. იყო მუზეუმის საგანძურის განყ-ების გამგე (1962-2002). მის სახელს უკავშირდება საქართველოში ეროვნ. იკონოგრაფიის წარმოშობა-განვითარების პრობლემატიკის საგანგებო კვლევა. მან მონოგრაფიულად შეისწავლა წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი ციკლის შემცველი ძეგლები ძვ. ქართ. სახვით ხელოვნებაში. წვლილი მიუძღვის ატენის სიონის კვლევის საქმეში. აღნიშნულ ტაძარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტ. ტიპის წარმომავლობის პრობლემის გადაწყვეტაში. მისმა კვლევამ ცხადყო, რომ ატენის სიონის სომხურენოვან წარწერაში მოხსენიებული ტაძრის მაშენებელი თოდოსაკი იყო ტაძრის არა ხუროთმოძღვარი, არამედ X საუკუნეში მასზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ოსტატი. ა.გ.-მ გამოთქვა მოსაზრება, რომ ტაძრის მშენებლობა VII ს. II ნახევარში კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლის, ვარაზ ერისმთავრის, ზეობაში უნდა დაწყებულიყო და მისი ძის, ნერსე I დიდისა (682/86-689) და შვილიშვილის, სტეფანოზ III მამფლის დროს დასრულებულიყო(711-739). ნერსესა და სტეფანოზის რელიეფური ქტიტორული გამოსახულებები განაწილებული ყოფილა აღმოსავლეთ აფსიდის შვერილის ჩრდილოეთ წახნაგზე. მათი სახელები X საუკუნის რესტავრაციის პერიოდის ოსტატ-მოქანდაკეს გაუმეორებია იმ ახალ რელიეფზე, რ-იც ამ ქტიტორთა თავდაპირველი სკულპტურული გამოსახულების ნაადგილევზე მოუთავსებია. ა. გ.-მა ატენის სიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარების შედეგად ნაგებობის ქვეშ, სამხრეთ და დასავლეთ ფასადების გასწვრივ, გამოავლინა თავდაპირველი ეკლესიის ნაშთები. გაირკვა, რომ გრანდიოზულ სუბსტრუქციაზე V საუკუნის ბაზილიკური ტიპის ეკლესია იდგა. კვლევამ დაადასტურა VI საუკუნის სირიული წყაროს ცნობა, რომ იმხანად ატენში არსებობდა მონასტერი და ის საეპისკოპოსო კათედრასაც წარმოადგენდა. ატენის სიონის რელიეფური ქანდაკებების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ თავდაპირველი ბაზილიკური ნაგებობის კუთვნილი ზოგიერთი რელიეფური ქანდაკება მეორედ გამოუყენებიათ VII საუკუნის მიწურულის გუმბათიანი ტაძრის შესამკობად. გამოიყო რელიეფთა ორი ჯგუფი - VII და X სს. მკვლევარმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ატენის სიონის კედლის მხატვრობის შესწავლაში. მან საქტიტორო წარწერების შესწავლის საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება საერო პირთა რიგისა და მათი თანამიმდევრობის თაობაზე: გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი; ჭაბუკი მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125); მეფე ბაგრატ IV (1027-1072); სუმბატ აშოტის ძე, ბაგრატოვანთა - სახლის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი მისი მცირეწლოვანი უფლისწული აშოტ სუმბატის ძე, მეფე გიორგი II (1072-1089), მისი მეუღლე, ისდუხტ დედოფალი. მკვლევარი ატენის სიონის მოხატვის თარიღს განსაზღვრავს (1094-1096). მისი ხელმძღვანელობით ატენის სიონის მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიციის მუშაობის შედეგად გამოვლენილმა მასალამ დიდი წვლილი შეიტანა ატენის სიონისა და ტანის ხეობის დანარჩენი ძეგლების შესწავლაში, აგრეთვე ნუსხური და მხედრული დამწერლობის ქრონოლოგიის გარკვევის საქმეში. მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებულ საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის ექსპედიციებში, რომლის მუშაობის შედეგად გამოიცა ფრესკული წარწერების I ტომი (1989). მისი ინიციატივით დაინერგა საქართველოში ძნელად გასარჩევი ფრესკული წარწერებისა და ამა თუ იმ კომპოზიციის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დასხივებით გამოვლენა და ფოტოგრაფირება. მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა უძველესი ტიხრული მინანქრის დაკარგული ტექნოლ. პროცესების აღდგენა. დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ლითონმქანდაკებლობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. იგი იყო ჟენევაში (1979), ვენაში (1981), ბელგრადსა (1981) და პარიზში (1982) გამართული ქართ. ჭედური ხელოვნების ძეგლების გამოფენათა კატალოგების ერთ-ერთი ავტორი. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებაში. იყო შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის საგანძურის განყ-ების ხელმძღვ. რამდენიმე წლის განმავლობაში.

თხზ.: აბრამიშვილი, გ. (1962). დავით-გარეჯის "უდაბნოს" მთავარი ეკლესიის საქტიტორო წარწერა. თბ., გამომც. საქართვ. სსრ მეცნ. აკადემია. N 3. გვ. 295-304;  აბრამიშვილი, გ. (1972). დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში. თბ., გამომც. ხელოვნება; აბრამიშვილი, გ.  (1976). ატენის სიონის უცნობი წარწერები. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მაცნე: ისტორიის, არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტორიის სერია. თბ., N2, გვ.170-176; აბრამიშვილი, გ. (1977). საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძური. თბ., გამომც. ხელოვნება; აბრამიშვილი, გ. (1977). სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში. თბ., გამომც. მეცნიერება; აბრამიშვილი, გ.  (1993). ატენის სიონი:ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან, ნაწ. 1. თბ., საგამომცემლო ცნობები.; აბრამიშვილი, გ. (1993). ატენის სიონი:ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან, ნაწ. 2, ტაბულები. თბ., აბრამიშვილი, გ. (1998). ბერთუბნის სამარტვილის მოხატულობა. საქართვ. კულტურის სამინისტროსა და საქართვ. სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" ყოველკვარტალური ალმანახი. თბ., N 1. გვ. 52-57.; აბრამიშვილი, გ. (2012) ატენის სიონი: ნარკვევი ჯვრის ტიპის ერთი ხუროთმოძღვრული ძეგლის ისტორიიდან. თბ., გამომც. ნეკერი, ISBN: 9789941436499.