-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია (ამჟამად საქართვ. ევგენი ხარაძის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის) ისტორია XIX ს. მიწურულიდან იწყება და XX–XXI ს.ს. საქართვ. და საერთაშ. ასტრონომიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება. მისი განვითარება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: საწყისი ექსპერ. ობსერვ., საბჭ. პერიოდის გაფართოება, დამოუკიდებლობის შემდგომი გამოწვევები და თანამედროვე მოდერნიზაცია. აბასთუმანში ასტრონ. ობსერვატორიის პირველი საფუძველი დაკავშირებულია დიდ მთავარ გიორგი ალექსანდრეს ძესთან, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის შვილთან. ფილტვების მძიმე დაავადების გამო იგი დასახლდა აბასთუმანში, სადაც მიიწვია ცნობილი ასტრონ. ს. გლაზენაპი (1892). გიორგი ალექსანდრეს ძემ საკუთარი სახსრებით ააშენა პირველი სამთო ასტრონ. ობსერვ., რ-იც მდებარეობდა ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ობსერვ. აკურთხეს და მას „გიორგისეული“ ეწოდა (1892, აგვისტო). გ.-მ აქ ჩაატარა 1156 დაკვირვება 610 ორჯერად ვარსკვლავზე, რაც იმ დროისთვის მსოფლიოში გამორჩეულ შედეგად ითვლებოდა. მიუხედავად წარმატებული ექსპერიმენტებისა, ობსერვ. დიდხანს ვერ გაგრძელდა. გიორგი ალექსანდრეს ძე გარდაიცვალა (1899) და ობსერვატორიამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. შემდგომ წლებში რუსულ სამეცნ. საზ-ებებში არაერთხელ წამოიჭრა საკითხი აბასთუმანში დიდი ობსერვატორიის აშენების შესახებ, თუმცა ფინანს. სირთულეების გამო იდეა ვერ განხორციელდა. ობსერვატორიის უკვე მუდმივი და ინსტიტუციური ეტაპი მოგვიანებით დაიწყო (1932). საბჭ. კავშირის მეცნ. აკადემიის წამოწყებით, საქ. სსრ სახკომსაბჭოს დადგენილებით აბასთუმანში დაარსდა ასტროფიზიკური ობსერვ. (1932), რ-ის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა (24 წლის) მეცნიერი ევგენი ხარაძე. ობსერვატორიის ადგილმდებარეობა – მთა ყანობილი – სტრატეგიულად შეირჩა: გამჭვირვალე ცა, მოწმენდილი ღამეების დიდი რიცხვი და დაბალი განათების დაბინძურება იდეალურ პირობებს ქმნიდა. საწყის წლებში აქ ვითარდებოდა კლასიკური დაკვირვებითი ასტრონომია: მზის მონიტორინგი, ვარსკვლავთა ცვალებადობის შესწავლა და ღამის ცის ფართოველიანი დაკვირვებები. ამით საქართველო ასტრონ. კვლევების რუკაზე დამკვიდრდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ობსერვატორია საბჭ. კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ცენტრად იქცა. სახელმწ. დაფინანსებით შეიძინეს მსოფლიო დონის ინსტრუმენტები. გასული საუკუნის 80-ან წლებში მთა ყანობილზე ფუნქციონირებდა ორ ათეულზე მეტი დაკვირვებითი ხელსაწყო და კვლევის ველი მოიცავდა ასტრონ. და ასტროფიზიკის თითქმის ყველა მიმართულებას ასევე მაღალი ატმოსფეროს გეოფიზიკურ კვლევებს. 70-ან წლებში აკად. ე. ხარაძისა და ჯ. ლომინაძის მეცადინეობით ობსერვატორიის კვლევები გაამდიდრა თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბის შემატებამ. ობსერვატორია იქცა ასტრონომიის სამეცნ. ჰაბად, საერთაშ. მნიშვნელობის კვლევების გარდა იმართებოდა საერთაშ. სამეცნ. ფორუმები და კონფერენციები.საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ობსერვატორია მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მოძველებული აპარატურა და შეზღუდული დაფინანსება დიდ პრობლემას ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ობსერვატორიამ შეძლო ადაპტაცია: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვითა და საერთაშ. პროექტებში მონაწილეობით ნელ-ნელა ფეხი აუწყო თანამედროვე კვლევებს. მოგვიანებით ობსერვატორია ილიას სახელმწ. უნ-ტის სტრუქტურულ ერთეულად იქცა (2007) და ბოლოს დამოუკიდებელ სამეცნ.-კვლ. ცენტრად ჩამოყალიბდა და მოიპოვა ეროვნ. სტატუსი (2020). დაიწყო სამეცნ. ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება. ობსერვატორიის მოდერნიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახ. ტელესკოპის შეძენა. დაინსტალირდა ASA AZ1500 Ritchey-Chrétien ტიპის 1.5-მეტრიანი რობოტული ტელესკოპი, რ-იც მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპიას (400–750 ნმ) უზრუნველყოფს (2024). ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ენერგიის ასტროფიზიკის კვლევებში – გამაანთებებისა და გრავიტაციული ტალღების კომპანიონების შესასწავლად. თანამედროვე კვლევები მოიცავს: ვარსკვლავთა ცვალებადობისა და ევოლუციის შესწავლას; აქტიური გალაქტიკური ბირთვების კვლევას; მზის ლაქებისა და გვირგვინის მასის ამოფრქვევების დაკვირვებას; დედამიწის მახლობლად მოძრავი ობიექტების მონიტორინგს, რაც საერთაშ. მონაცემთა ბაზებში გადაეცემა; თეორ. ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას – შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავების, გრავიტაციული ტალღებისა და ფარული ენერგიის ბუნების შესწავლას. ობსერვატორიის არქივში დაცულია 70,000-ზე მეტი ფოტოგრ.აფიული ფირფიტა და ფილმი, რ-იც დღემდე ციური აქტივობის უნიკალურ ისტორიას ინახავს (1930-დან). მიმდინარეობს მათი გაციფრება საერთაშ. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველსაყოფად. ეროვნ. სტატუსიდან გამომდინარე ობსერვატორია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართვ. უმაღლ. სასწავლებლებთან. იმართება საზაფხულო სასწ. პრაქტიკები. მნიშვნელოვანია ობსერვატორიის აქტივობა ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით. მთა ყანობილზე ტურისტებისთვის მუშაობს დღისა და ღამის ტურები, სადაც მაღალკვალიფიციური გიდები დამთვარიებლებს აჩვენებენ საინტერესო ციურ ობიეტებს და უტარებენ პოპულარულ ლექციებს ასტროფიზიკაში. თბილისში ტრადიციად იქცა მოსწავლეთა ყოველკვირეული ლექცია სემინარები, რ-იც საშემოდგომო და საგაზაფხულო ორფაზიანი სტუდიის სასერტიფიკაციო მეცადინეობებად ჩამოყალიბდა. სასწ. წლის დასასრულს კი ტრადიციულად იმართება ახალგაზრდული ასტროფიზიკური კონფერენცია. ობსერვატორიის ისტორია ასახავს მეცნიერებისადმი ერთგულებასა და მუდმივ განვითარებას. XIX ს. ექსპერიმენ. „გიორგისეული“ ობსერვატორიიდან დაწყებული, ე. ხ.-ის მიერ დაარსებული ეროვნ. ცენტრით გაგრძელებული და XXI ს. თანამედროვე რობოტული ტელესკოპებით დასრულებული გზა ნათლად აჩვენებს, რომ აბასთუმანი რჩება საქართვ. და მსოფლიო ასტრონომიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ.