აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე
აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე

აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე (16 (28).I.1870, სოფ. ლესა, ოზურგეთის მაზრა -17 (30).XII.1917, თბილისი), ქართვ. ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერთაგანი (1901). თსუ-ის დამფუძნებელი საზ-ბის ერთ-ერთი წევრი და შემომწირველი. სწავლობდა ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში (1879-1889). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სორბონის უნ-ტში ფილოს. და ლიტ-რის შესასწავლად. პარიზში მყოფი მუშაობდა მუზეუმებში, ეუფლებოდა ფრანგ. ენასა და ლიტ-რას. ისმენდა ცნობილი მეცნერების ლექციებს სორბონასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ფილოს. და ხელოვნების განხრით. სტუდენტობის წლებშივე გამოდის ლიტ. სარბიელზე და იწყებს თეატრ. რეცენზიების, თარგმანების, პუბლიც. სტატიების, ფრანგ., ქართ., რუს. და ევრ. ლიტ-რის შესახებ წერილების გამოქვეყნებას „კვალსა“ და „ივერიაში“ (1893).  მოგვიანებით იგი ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე გადავიდა სასწავლებლად, რ-იც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა (1895). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა: თბილ. კონტროლის პალატაში (1895); მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, შემდეგ ჭიათურაში. იგი ი. ჭავჭავაძის მიწვევით ხდება „ივერიის“ თანამშრომელი (1896). ა. კ. აქტიურად მოღვაწეობდა საზ. სარბიელზე: იყო თსუ-ის დამფუძნებელი საზ-ბის გამგეობის წევრი და აქტიური შემომწირველი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართ. დრამატული საზ-ბის გამგეობის საქმიანობაში, იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარეობდა ქუთ. საზ-ბა „სინათლეს“. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნ.-გაზ.: „ცნობის ფურცელში“, „სახალხო გაზეთსა“ და „დროებაში“. ამ პერიოდიდან იწყება მისი რ-ც XIX ს-ის ქართ. ლიტ-რის კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. „მოამბის“ ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი „ეტიუდები XIX ს-ის ქართული ლიტერატურის შესახებ“ (1898), რ-მაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა XIX ს-ის ქართ. ლიტ-რის მეცნ. შესწავლას. ასევე კრიტ. ეტიუდი ი. ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი - ეტიუდები ვ. ორბელიანისა და გ. ერისთავის შემოქმედებაზე (1900), დ. კლდიაშვილი, ი. ჭავჭავაძე და ლ. ტოლსტოი (1898) და სხვ. ა. კ. აირჩიეს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავ-რედ (1901), შემდეგ კი საბჭოს თავ-რის, გ. ზდანოვიჩის, მოადგილე გახდა. რევ. დღეებში აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მომხდარ ყველა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში, რის გამოც პირველად დააპატიმრეს (1905), მეორედ (1909). თებერვლის რევ. შემდეგ იგი ამიერკავკ. საგანგებო კომისარიატის წევრად და ამიერკავკ. განათლების კომისრად დაინიშნა. ანდერძის თანახმად მისი მდიდარი ბ-კა გადაეცა  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნ-ტს.

ლიტ.: აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1. 1975. გვ. 20.; აბაშიძე, გ. (1997). ენციკლოპედია „საქართველო“: ტ. 1. გვ. 23.; აბაშიძე, გ. (1964-1982). კიტა აბაშიძის ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა: ტ. 1-2; ზ. ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ. (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 21.