აბაშიძე ელენე მიხეილის ასული
აბაშიძე ელენე მიხეილის ასული

აბაშიძე ელენე მიხეილის ასული (18.III.1922, ჭიათურა - 28.VI.2026, თბილისი), გეოგრაფი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჰიდროლოგიის სპეციალობით (1944). ა. ე. მუშაობდა განათლების სისტემაში პედაგოგად, სატყეო მეურნ. სამინისტროსა და „კავკასნახშირგეოლოგიაში“ ჰიდროგეოლოგად, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟ. გეოლოგიის, ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლევით ინ-ტებში – უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1945-დან). ა. ე. იკვლევდა კოლხეთის სხვადასხვა რ-ნში გრუნტის წყლის რეჟიმსა და გრუნტის ფილტრაციულ თვისებებს, წყალსაცავებიდან ფილტრაციის პროგნოზირებისა და რეგულირების საკითხს, კერძოდ, თბილ., შაორისა და ენგურის წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული ქანების (კირქვები, დოლომიტები და სხვ.) ნაპრალებში ხსნადობის პროცესს, კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიურ და ჰიდროდინამიკურ მექანიზმებს. ა. ე.-მ პირველმა უარყო მეცნ. დამკვიდრებული „ხსნადობის თეორია“, რ-იც იკვლევდა მხოლოდ ხსნადობის პროცესის საწყის მდგომარეობას, წყლის „ნულოვანი“ სიჩქარეების პირობებში (ე. ი. დამდგარ წყალში). ა. ე.-მ დაამტკიცა, რომ ხსნადობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის სიჩქარეს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ნაპრალის გადიდებას (წელიწადში თითქმის 1 მმ, საწყისი 0,1 მმ სიგანის ნაპრალისთვის), რის შედეგადაც იზრდება გაფილტრული წყლის რაოდენობა. ა. ე.-ს გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი ეხება საქართვ. კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციის საკითხებს. სამეცნ. დამსახურებისათვის ა. ე. ამერიკის ბიოგრ. ინ-ტმა დაასახელა „წლის ქალად“ (1998, 2003). იგი შეყვანილია „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში; დასახელებულია „მსოფლიოს 500 გავლენიან ლიდერს“ შორის, მიღებული აქვს სიგელი.

თხზ.: აბაშიძე, ე. (2001). ეკოლოგიის საფუძვლების ზოგიერთი საკითხები, კითხვარების სახით. თბ., შპს ,,კაბადონი”; აბაშიძე, ე. (2014). წყალსაცავების ფუნდამენტში ფილტრაციისაგან ბეწვისოდენა სიგანის ნაპრალების დროში გაგანიერების ექსპერიმენტალური მონაცემები და მისი განსაზღვრის მეთოდი. თბ.