-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ნინიძე ქეთევან ვლადიმერის ასული (31.VII.1983, ქ. თბილისი), ფილოლოგი, დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2004), მაგისტრატურა (2006). მუშაობდა თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში (2007-2016). საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრის ექსპერტი, ინტერნეტგაზეთ და ჟურნ. „მასწავლებლის“ ავტორი (2007). მეთოდური გამოცემის „ღია ჩარჩოები“ ავტორი (2008), მასწავლებელთა პროფ. განვითარების პირველი ონლაინპროგრამის თანაავტორი (2010). ნ.ქ.-ს ინტერესთა სფეროებია: ძვ. ქართ. მწერლობა, XIX და XX ს. ქართ. ლიტერატურა, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, კულტუროლოგია, ლიტერატურის პოლიტიკის საკითხები, დემოკრ. ღირებულებები ქართულ ლიტერატურაში, ლიტ. კანონი, ვაზი და ღვინო ქართულ სიტყვიერებაში და ღვინის მწერლობა. ნ.ქ. ავტორია სამეცნ. ნაშრომისა „მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია. ლიტერატურული პოლიტიკის საკითხები“ (2009). ნ.ქ.-მ თანაავტორობთან ერთად შეისწავლა „ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში“ (2015) და „ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები“ (2012). მან მოამზადა აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული, აკადემიური ოცტომეულის მე-8 ტომი (2015).
თხზ.: ნინიძე, ქ. (თანაავტორი). (2015). ხელოსნობა და სამეწარმეო უნარები საქართველოში/Craftsmanship and enterpreneurial skills in Georgia. თბ., ინტელექტი; ნინიძე, ქ. (თანაავტორი). (2011). დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში. თბ., გამომც. ნეკერი ISBN 978-9941-416-85-9; ნინიძე, ქ. (2023). აპოკრიფული სადღეგრძელოები. თბ., გამომც. მარტვილი; ISBN: 9789941852145.