ნემსაძე ადა ნოდარის ას
ნემსაძე ადა ნოდარის ას

ნემსაძე ადა ნოდარის ას (23.V.1975, ქ. თერჯოლა), ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (2006), ფილოლოგიის დოქტორი (2007), თსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის, 2016-დან) და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA, 2022-დან) წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1997) და საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (2005). არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2009–დან); პარალელურად მუშაობდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტად (2016-2017), შემდეგ კი არის ამავე ფაკ-ტის მიწვეული ლექტორი (2017-დან). ნ.ა.-ს კვლევის სფეროა XX-XXI ს. ქართ. მწერლობა, როგორც მოდერნისტული, ისე საბჭ. და პოსტსაბჭოთა პერიოდები. იგი იკვლევს XX ს. II ნახევრის ქართ. პროზის ხასიათს, ნიშნებს, თავისებურებებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ო. ჭილაძის მემკვიდრეობის შეწავლა. მონოგრაფიაში „იდენტიფიკაციის პრობლემა ოთარ ჭილაძის რომანებში“ (2009). აღნიშნული პრობლემა გამოკვლეულია ამერ. მეცნიერის, ე. ერიკსონის, იდენტობის ნეოფსიქოანალიტიკური თეორიის საფუძველზე, წარმოჩენილია იდენტობის სხვადასხვა სახეთა (ეროვნ., სოც., ფსიქოსოციალური, რელიგ.) მხატვრული გააზრების თავისებურებანი. ნ.ა.-მ გამოსცა წიგნი „ორი საუკუნე თანამედროვე ლიტერატურაზე“, რ-შიც შევიდა ო. ჭილაძის მხატვრული სისტემის კვლევის, ცალკეულ კონცეპტთა და სახეთა ანალიზის ამსახველი ახალი ნაშრომები (2020). აღნიშნულ გამოცემაში დაიბეჭდა სტატიები თანამედროვე ქართველ ავტორთა შესახებ და შსს-ს არქივში ჩატარებული კვლევის შედეგები, რ-მაც წარმოაჩინა მოდერნისტული პერიოდის ნაკლებად ცნობილი რამდენიმე ავტორი. ნ.ა. ასევე იკვლევს მიმდინარე ლიტ. პროცესებს, თანამედროვე ქართ. პროზის თემატიკას, ნოვაციებსა და ტრადიციებს, ენობრივ და სტილურ თავისებურებებს, მის მიმართებას მსოფლიო სალიტ. პროცესთან; აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მის ფრანგულენოვან ნაშრომში „La prose géorgienne moderne“ (2025). იგი თანაავტორია კრებულებისა: „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწ. I, III, IV; 2016, 2021, 2025);  „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ (წიგ. I, II; 2016, 2018). ნ.ა. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და კრებ. რედაქტორი, ჟურნ. „აფინაჟის“ (2020-2021), „სტუდენტური კვლევების“ (2020-დან) და „კრიტიკის“ (2020-დან) სარედაქციო საბჭოების წევრი.

თხზ.: ნემსაძე, ა. (2009). ქართული ლიტერატურისა და ენის საკითხები. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-9079-4-4.