კვანტალიანი შარლოტა სერგოს ასული (1.IV.1950, ქ. აბაშა – 7.IX.2022, ქ. თბილისი, დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში), ფილოლოგი, პოეტი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1994), ფილოლოგიის დოქტორი (2007), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1991-2022), ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (2003-2022). დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი (1975). იყო თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1997-2022), კულტურის სახ. უნ-ტის ,,ლიტერატურული დაოსტატების“ ფაკ-ტის ლექტორი (1994-2006) და ფოლკლორის კვლევის კომპლ. ლაბორ. მკვლევარი (1994-2006). კ.შ. იკვლევდა ქართ. ფოლკლორს, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, ქართ. კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს. მისი მთავარი სამეცნ. ნაშრომია „ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში“ (1994). კ.შ.-ს სამეცნ. სტატიები ასევე ეხება „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორულ პასაჟებსა და პოემის პერსონაჟთა პრობლემატიკას, თანამედროვე ქართვ. პოეტთა (ს. ჩიქოვანი, ა. კალანდაძე, ლ. ასათიანი და სხვ.) შემოქმედების მთავარ მოტივებს. იგი იყო ერთ-ერთი შემდგ. ქართვ. მწერალთა – ს.-ს. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას–ანოტირებული ბიბლიოგრაფიებისა, თანაავტორი კრებ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“ (2016). არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. კ.შ. იყო ალმანახ „ალგეთის“ მთ. რედაქტორი (1991), სამეცნ.-სალიტ. გაზ. „კალმასობის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი (1997-2010).