ფარულავა გრივერ გრიგოლის ძე (05.VII.1936, ქ. თბილისი - 11.VIII.2020), მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. სწავლობდა სამტრედიის რ-ნის საჯავახოს საშ. სკოლაში (1943), რ-იც დაამთავრა ოქროს მედლით (1954). ამავე წელს სწავლა განაგრძო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე (1959-მდე). იმავე წელს სწავლა განაგრძო უნ-ტის ასპირანტურაში, ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი. დაიცვა საკანდიდატო (1970) და სადოქტორო დისერტაციები (1990). გახდა პროფესორი (1992-დან) და იყო თსუ-ის პრორექტორი სასწ. მუშაობის დარგში (1991-1993). იგი ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომისა, რომელთაგან ზოგიერთი თარგმნილია რუსულ, იტალიურ და სომხურ ენებზე. მან აღზარდა თსუ-ის ფილოლოგთა არაერთი თაობა. ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ-ში და კითხულობდა ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კურსს. იკვლევდა ქართ. ქრისტიან. ხელოვნების, ესთეტ. და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძვ. ქართ. მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთათვის ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“; „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვ. ფ. გ. წლების განმავლობაში იყო თბილ. სას. აკად. ძვ. ქართ. ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. იგი არის არაერთი აკად. ნაშრომის, წერილისა თუ მონოგრაფიის ავტორი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით „სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩნების ხელშეწყობისთვის“ (2018). გადაეცა წმ. გიორგის ოქროს ჯვარი სას. აკად. და სემინარიაში სამეცნ.-პედ. მოღვაწეობისათვის (2012).
თხზ.: ფარულავა, გ. (1987). ადამიანის პრობლემა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში: სპეცკურსის პროგრამა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ფარულავა, გ. (რედაქტორი). (2008). წმინდა ნინო . სამეცნიერო კრებული, ნაკვ. 1. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789994055494; ფარულავა, გ. (თანაავტორი). (2012). იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ და ადრექრისტიანული კულტურა: ლიტერატურის ინ-ტის გზამკვლევი. თბ., ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941004650.