-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ბიწაძე ანდრია ვასილის ძე (22.V.1916, სოფ. ცხრუკვეთი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. – 16. IX. 1994. ქ. მოსკოვი, დონის მონასტერი), მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი(1959), საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1958). საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა ჭიათურის პედ. ტექნიკუმი (1931) და სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათ. და ფიზ. ამავე რაიონის საშ. სკოლებში. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი. იყო თბილ. მათ. ინ-ტის ასპირანტი (1940-1944), ფიზ.-მათ. მეცნიერი (1944). ის სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის დოქტორანტია (1948-1951). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1951) – "შერეული ტიპის განტოლებათა პრობლემებისათვის". ორი წლის შემდეგ ეს ნაშრომი ცალკე მონოგრაფიის სახით გამოიცა მოსკოვში, კიდევ ორი წლის შემდეგ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც ჩინურ ენაზე. მისი გამოკვლევების ფუნდამენტურმა შედეგებმა თავი მოიყარეს მოსკოვში გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში "შერეული ტიპის განტოლებები" (1959). იგივე წიგნი გამოიცა ლონდონში ინგლისურ ენაზე (1964). მუშაობდა : თსუ-სა და საქ. მეცნ. აკად. თბილ. მათ. ინ-ტში (1940-1948), სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (1948–1959), სსრკ აკად. ციმბირის განყ-ების მათ. ინ-ტსა და ქ. ნოვოსიბირსკის უნ-ტში (1959–1971). იყო ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა განყ-ების გამგე (1971-1994), მოსკოვის საინჟინრო-ფიზ. ინ-ტის კათედრის გამგე (1971–1978), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნიერ ხელმძღვ. და დირექტორი (1978-1983), მოსკოვის სახელემწ. უნ-ტის პროფესორი (1984-1994). მისი ძირითადი ნაშრომები ეხება: ელიფსურ განტოლებებს და სისტემებს, შერეული ტიპისა და შედგენილი ტიპის განტოლებებს, ჰიპერბოლურ სისტემებს, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს, არალოკალურ სასაზღვრო ამოცანებს, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სხვ. მან პირველად ააგო მეორე რიგის მუდმივკოეფიციენტებიანი ელიფსური სისტემის მაგალითი, რომელიც ატარებს მის სახელს, შეტანილია მათემატიკურ ენციკლოპედიებში და რომლისთვისაც დირიხლეს ერთგვაროვან ამოცანას გააჩნია უსარულო რაოდენობა წრფივად დამოუკიდებელი ამონახსნებისა რაგინდ მცირე რადიუსის წრეში. ამ სისტემის მაგალითზე ანდრია ბიწაძემ აჩვენა, რომ განსხვავებით ერთი განტოლებისა მეორე რიგის სისტემისათვის მხოლოდ თანაბრად ელიფსურობის მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფს არა თუ დირიხლეს ამოცანის ფრედჰოლმურობას ან ნეტერისეულობას, არამედ მის ნორმალურად ამოხსნადობას ჰაუსდორფის აზრითაც კი. ანდრია ბიწაძის ეს აღმოჩენა გარდამტეხი აღმოჩნდა ელიფსური სისტემების თეორიის განვითარებაში. მან კერძოწარმოებულიანი კვაზიწრფივი განტოლებებისა და სისტემების ფართო კლასისათვის მოძებნა ზუსტი ამონახსნების ერთობლიობები და გამოავლინა ამონახსნთა სტრუქტურული თვისებები. მის მიერ შექმნილმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა მაქსველ-აინშტაინის და ერნსტის ფორმით, რიდ-ბარტის და დიუბრეილ-ჟაკოტენის განტოლებების ზუსტი ამონახსნების ახალი ფართო კლასების აგება. მათემატიკურ სამეცნ. ლიტერატურაში ანდრია ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტ., ამოცანა და ფორმულა, რ-იც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა. ცნობილია "ბიწაძის განტოლება", "ბიწაძის შებრუნების ფორმულა", "ბიწაძე–სამარსკის ამოცანა", "ბიწაძის ექსტრემუმის პრინციპი", "სუსტი ბმულობა ბიწაძის მიხედვით", "ლავრენტიევ–ბიწაძის სასაზღვრო ამოცანა" და სხვ. ის მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ., მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნ-ტებში, ამავე ქალაქების მათ. ინ-ტებში. არის 150-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი ვადით იყო მიწვეული ლექციების და მოხსენებების წასაკითხად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, აშშ, ჩინეთი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, არის: საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1982), შრომის წითელი დროშის ორდენის ორგზის კავალერი (1966, 1975), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1971). ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1986) და მედლებით. იყო ქ. ჭიათურის საპატიო მოქალაქე.
თხზ.: Бицадзе А. (1959). Уравнения смешанного типа, М; Бицадзе А. (1966). Краевые задачи для эллиптических уравнений второго порядка, М.; Бицадзе А. (1981). Некоторые классы уравнений в частных производных, М., 1981.
ლიტ.: ანდრია ბიწაძე: (1916-1994). 100 ქართველი უცხოეთში. (2011), თბ., გვ.76-77; დაუშვილი რუსუდან. (თანაავტორი). (2012). ბიწაძე ანდრია. ქართველები უცხოეთში : წ.1. (2012), თბ., გვ.50; .ებანოიძე თ. (1981). წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ.; Андрей Васильевич Бицадзе: (к 70-летию со дня рождения). Дифференциальные уравнения, (1986) т. 22, № 12; Бицадзе Андрей Васильевич: (к 70-летию со дня рождения). «Успехи математических наук», (1987), т. 42, в. 3 (255).