ბარელაძე გიორგი
ბარელაძე გიორგი

ბარელაძე გიორგი პალადიონის ძე (28.IX.1956 ქ. ჭიათურა - 19.VIII.2009 ქ. თბილისი).  მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი(1990), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1984).  დაამთავრა: თბილ. 64-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე,  თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1979), თსუ-ის ასპირანტურა (1983). ის სტაჟირებას გადის სეგედის უნ-ტში (უნგრეთი, 1986-1987). მუშაობდა: თსუ-ის სამეცნ. განყ-ების უფროსის მოადგილედ (1982-1990), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1990-2005). ის იყო სამი შესრულებული საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვ. და ის ამავდროულად გახლდათ  სტუდენტთა საკურსო და სადიპლომო ნაშრომთა ხელმძღვ., სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი.  იყო თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი (2005). ჩართული იყო ერთობლივ სამეცნ. კვლევებში კოლეგებთან შვედეთის მეცნ. სამეფო აკად. და ქ. უმეას უნ-ტთან. საბუნებისმეტყველო  ლიცეუმში  ეწეოდა პედ. საქმიანობას (1996). მონაწილეობდა  საქ. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებში (1998-2000). იყო საქართვ. ნორჩ მათ. ნაკრები გუნდის მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე საერთაშ. მათ. ოლიმპიადებზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით მოსწავლეთა საერთაშ. ოლიმპიადებზე საქართვ. გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და ნაყოფიერი პედ. საქმიანობისათვის. მისი სამეცნ. კვლევები შეეხება მარტივი და ჯერადი ჰაარის მწკრივების აბსოლუტურ და უპირობო კრებადობასა და შეჯამებადობას, ორთოგონალური მწკრივების კოეფიციენტების გადანაცვლების პრობლემას, მრავალგანზომილებიანი შეუღლებული ოპერატორების მიმართ მრავალი ცვლადის ინვარიანტულ კლასებს. მას გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო სტატია.

თხზ.: Bareladze, G. (1983). On a theorem of K.Tandory - Bull, Acad. Sci. Georgian SSR, 109, no.2, pp. 245-247; Bareladze, G. (2000). Notes on the unconditional convergence of multidimensional functional series.-Georg. Math. J., 7, №2, pp. 215-220; Bareladze, G. (თანაავტორი). (2005). On Classes of Functions of several Variables Invariant under Multidimensional Conjugation Operators. Bull, Georg. Acad. Sci 171, no.3, 428-430.