ბარამიძე ლელი გრიგოლის ასული
ბარამიძე ლელი გრიგოლის ასული

ბარამიძე ლელი გრიგოლის ასული (30. V. 1931, სოფ. ჯუნჯუათი, ლანჩხუთის რაიონი — 2012), ენათმეცნიერი, მეცნიერი. სწავლობდა სოფ. ჯუნჯუათის დაწყებით სკოლაში (1938-დან), მოგვიანებით სწავლა განაგრძო ლანჩხუთის საშუალო სკოლაში (1945-1949). ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1949), რომლის სრული კურსი დახურა შემდეგი სპეციალობით: „ქართული ენა და ლიტერატურა“ (1954). აკაკი შანიძის ინიციატივით ბ. ლ. იყო ძვ. ქართ. ენის კათედრის ლაბორანტი (1955-დან), ამავე კათედრის ასპირანტი (1957-1961). მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი ტიპის მეშველზმნიან ფორმათა ჩასახვა და განვითარება ქართულში“ (ხელმძღვ. აკაკი შანიძე) და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1966). მოგვიანებით გახდა დოცენტი (1978). ბ. ლ. იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ენის კათედრის პედაგოგის ასისტენტი (1963-დან), ამავე კათედრის უფრ. მასწავლებელი (1968-1973). დოც. (1974-2005). იგი გახდა ამავე კათედრის ასოც. პროფესორი (2006-2009), სიცოცხლის ბოლო წლებში კი — თსუ-ის ემერიტუს პროფესორი. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ზმნის მორფოლოგიურ კატეგორიათა (პირი, რიცხვი, გვარი) ისტორიისათვის ქართულში“ (2004). ბ.ლ. იკვლევდა ძვ. ქართ. ენისა და ქართ. ენის ისტ. გრამატ. საკითხებს. იგი ავტორია არაერთი სამეცნ. სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის.  წლების განმავლობაში კითხულობდა ძვ. ქართ. ენის კათედრის ყველა ძირითად საგანს: ქართ. პალეოგრაფიას, ძვ. ქართ. ენას, ქართ. სალიტ. ენის ისტორიის სპეცკურსს ძვ. ქართ. ზმნაში. უნ-ტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ბ. ლ. დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით (2001). მას მიენიჭა თსუ-ის ემერიტუსი პროფესორის წოდება (2009).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბარამიძე, ლ. (2008). ქართული ენის ისტორიული გრამატიკის საკითხები. უნ-ეტის გამ-ბა; ბარამიძე, ლ. (1975). ნაწევრისა და ჩვენებითი ნაცვალსახელების ბრუნება საშუალ ქართულში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 164, ენათმეცნიერება; ბარამიძე, ლ. (2013). ზმნის პირისა და რიცხვის გამოხატვის თავისებურებანი ქართულში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; ბარამიძე, ლ. (2012). ხმოვანმონაცვლე ზმნები ძველ ქართულში. უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: ციხელაშვილი, ლელა. (2021-2022). პროფ. ლელი ბარამიძე — მეცნიერი და პედაგოგი. სამეცნიერო შრომების კრებული, ქართველური ენათმეცნიერება VIII.