-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ავთანდილაშვილი მაია ვლადიმერის ასული (07.IV.1962,თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984), ასპირანტურა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით (1989). მუშაობდა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტის რადიონახშირბადისა და დაბალი რადიოაქტივობების ლაბორატორიაში (1984-2006). მონაწილეობდა ატომური ენერგიის საერთაშ. სააგენტოს (IAEA) რეგიონულ პროექტში შავი ზღვის გარემოს დაბინძურების შესწავლის მიზნით (1996-2002). IAEA-ის დაფინანსებით, გაიარა სტაჟირება გერმანიის წამყვან რადიოანალიტიკურ ლაბორატორიაში (1999). მოიპოვა დაფინანსება აშშ-ის აიდაჰოს შტატის უნ-ტის სადოქტორო კვლევით პროგრამაში სწავლის გასაგრძელებლად (2006). დოქტორანტურის პერიოდში მიენიჭა აშშ-ის ჯანმრთელობის ფიზიკის საზოგადოების პრესტიჟული Burton J. Moyer-ის სახ. სტუდენტური სტიპენდია. დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გამოყენებითი ფიზიკის დარგში, სპეციალიზაციით ჯანმრთელობის ფიზიკა (2011). მოღვაწეობს ვაშინგტონის შტატის უნ-ტის ფარმაციისა და ფარმაცევტული მეცნ. კოლეჯის ფარგლებში მოქმედ ტრანსურანული ელემენტებისა და ურანის რეგისტრებში (USTUR) (2012-დან). იყო მეცნ. თანამშრომელი (2012-2017), ასისტენტ პროფესორი (2017-2023), ასოცირებული პროფესორი (2023-დან). მისი კვლევები ფოკუსირებულია რადიაციულ დოზიმეტრიაზე, რადიონუკლიდების ბიოკინეტიკის მოდელირებაზე და რადიაციულ დაცვაზე, განსაკუთრებით პროფესიულ გარემოში. აშშ-ში მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აქტინიდების — პლუტონიუმის, ურანისა და ამერიციუმის — ბიოკინეტიკისა და დოზიმეტრიის კვლევაში. ა. მ. არის 30-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი. არჩეული იქნა აშშ-ის რადიაციული დაცვისა და გაზომვების ეროვნული საბჭოს (NCRP) წევრად (2023). მუშაობდა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) კონსულტანტად (2022-2025). აქტიურად მონაწილეობს სამეცნ. კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის: NCRP, აშშ-ის ჯანმრთელობის ფიზიკის საზოგადოება, ამერიკის სტანდარტების ეროვნ. ინ-ტი (ANSI), ევროპის რადიაციული დოზიმეტრიის ჯგუფი (EURADOS) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). გარდა კვლევისა, კითხულობს ლექციებს საერთაშ. დონეზე, არის წამყვანი სამეცნ. ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი ჯანმრთელობის ფიზიკისა და რადიაციული დაცვის სფეროში.