ავალიანი ლალი ავთანდილის ას (20.VII.1939, ქ. თბილისი), ფილოლოგი, ესეისტი, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1969), ფილოლოგიის დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1962) და ასპირანტურა (1965). თსუ–ში კითხულობდა ლექციებს (1970-1973), იყო „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ენისა და ლიტერატურის განყ-ბის სამეცნ. რედაქტორი (1966-1990), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1990-2025). ა.ლ.-ს ინტერესთა სფერო, ძირითადად, მოიცავს XX ს. ქართ. მოდერნისტული მწერლობის კვლევას, ქართ. კლასიკისა და მოდერნიზმის ურთიერთმიმართებას, საბჭ. ეპოქის მწერალთა აშკარა თუ შენიღბული შემოქმედებითი თავისუფლების წარმოჩენას, თანამედროვე ლიტ. პროცესების ანალიზს. იგი იყო პირველი, ვინც დაიწყო რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, პ. იაშვილის ლიტ. მემკვიდრეობის მეცნ. შესწავლა, რაც აისახა მის მონოგრაფიულ ნაშრომში „პაოლო იაშვილი. ცხოვრება და შემოქმედება“ (1977). ა.ლ.-ს ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართ. მოდერნისტული სკოლების წარმოშობა-განვითარების ისტორიის, ქართ. ავანგარდიზმის ხასიათისა და რაგვარობის კვლევაში. გამოიცა „ლიტერატურული წერილები“, რ-შიც ახლებურადაა დანახული დ. კლდიაშვილის მხატვრული სამყარო, ასევე მოცემულია „ცისფერყანწელთა“ როლის შეფასება ქართ. ლიტ-რის განვითარებაში (1992). ა.ლ. აქტიურად იკვლევს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს, XXI ს. ქართ. ლიტერატურის განვითარების თავისებურებებს, რაც მის შემდეგდროინდელ გამოცემებში აისახა: „ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე“ (2005) და „მოუთვინიერებელი მწერლობიდან თანამედროვე ნარატივამდე: XX-XXI სს.“ (2020). იგი თანაავტორია კრებულებისა: „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწ. I, II, III; 2016, 2020, 2021); „ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია“ (2016) და „ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი“ (2022). არის რამდენიმე სამეცნ. გამოკვლევის რედაქტორი, ჟურნ. „კრიტიკისა“ და ალმანახ „მწიგნობარის“ რედკოლეგიების წევრი. ა.ლ. დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2016), საქ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით პირველი „ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის“ გამოცემაში შეტანილი დიდი წვლილისათვის (1987), მიღებული აქვს პრემია „საგურამო“ (2013) და გრ. კიკნაძის სახ. პრემია (2022).
თხზ.: ავალიანი, ლ. (2005). დავით კლდიაშვილის ბედნიერი თვალი. თბ., თეთრი გიორგი, ISBN 99940-0-237-6; ავალიანი, ლ. (2005). „გიჟი დროის“ ქართული მწერლობა: XX საუკუნის დასაწყისი. თბ., თეთრი გიორგი, ISBN 99940-0-409-3; ავალიანი, ლ. (2017). პაოლო იაშვილი: მონოგრაფია, ესეები. თბ., პალიტრა L, ISBN 978-9941-24-945-7.