ასლანიკაშვილი ალექსანდრე თედორეს ძე
ასლანიკაშვილი ალექსანდრე თედორეს ძე

ასლანიკაშვილი ალექსანდრე (შურა) თედორეს ძე (17.III.1916, თბილ. – 25.XI.1981, თბილ., მუ­ხათ­გვერდის საზ. მოღვაწეთა პანთეონი), კარტოგრაფი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). სწავლობდა მ. თო­ი­ძის სამ­ხატ­ვრო სტუ­დი­ა­ში, სა­დაც და­ე­უფ­ლა ფერ­წე­რი­სა და გრა­ფი­კის ხე­ლოვ­ნე­ბას (1930). დაამთავრა ამიერკავკ. ტოპოგრაფიული ტექნიკუმი თბილისში (1934), შემდეგ თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1939). სტუდენტობის დროს მუშაობა დაიწყო უნ-ტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ლაბორატორიაში, სადაც შემდეგში განაგრძო მუშაობა. II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში იგი მუ­შა­ობ­და ამი­ერ­კავ­კ. სამ­ხ. ოლ­ქის კარ­ტოგ­რა­ფი­ულ გან­ყ-ე­ბა­ში კარტოგრაფად (1941-1945) და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბის შედ­გე­ნა-­გა­ნახ­ლე­ბა­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა მან ამი­ერ­კავ­კ., თურ­ქე­თის, ირა­ნის, სი­რი­ის სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კა. შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში (1945-დან). ოს­მა­ლე­თის მი­ერ XVI სა­უ­კუ­ნე­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი ის­ტ. სამ­ხრეთ­-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვ. კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ანა­სა­ხის შექ­მნის მიზნით, მან მუ­შა­ო­ბა და­იწყო XVI სა­უ­კუ­ნის თურ­ქულ ხელ­ნა­წერ ძეგ­ლზე „გურჯისტანის ვიალაიეთის დიდ დავთარზე,“ რომ­ლის ქარ­თ. თარ­გმა­ნი ეკუთ­ვნის ს. ჯი­ქი­ას. ა. ალ.-მ რეტ­როს­პექ­ტუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­რე­ბის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ად­გი­ნა რუ­კა, რ-იც 1:300,000 მას­შტაბ­ში ქარ­თ. ენა­ზე გა­მო­ი­ცა (1953). ამავე პერიოდში იგი მივლინებული იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლად ირანში (1947). მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვ. საგა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პირ­ველ მდივ­ნად პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ში (1947-1951). ა. ალ.-მ დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რელიეფის კარტოგრაფიული გენერალიზაცია“ (1951), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კარტოგრაფიის თეორიის საკითხები“ (1969). ა. ალ.-მ მუშაობა განაგრძო ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში, იყო სწავლული მდივანი (1951-1953), შემდეგ იყო კარტოგრაფიის განყ-ბის ხელმძღვ. (1957-1977), დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1977-1979), დირექტორი (1979-1981). მან ფართოდ გაშალა მუშაობა ინ-ტში კარტოგრაფირების სხვადასხვა საკითხზე. ა. ალ. პარალელურად მუშაობდა თსუ-ში, კითხულობდა ლექციებს (1953-დან). ასრულებდა ჯერ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კათედრის დოცენტის, შემდეგ ფაკ-ტის დეკანის მოვალეობას (1955-1957). იყო ტოპოგრაფია-გეოდეზიის კათედრის გამგე და პროფესორი (1972-1981). მისი ხელმძღვანელობით უნ-ტში ჩატარდა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის V საკავშ. კონფერენცია თემატურ კარტოგრაფიაში (1973) და საკავშ. გეოგრ. საზ-ბის VI ყრილობა (1975). მი­სი ხელმძღვანელობით ჩა­ტარ­და ლან­დშატ­მცოდ­ნე­ო­ბის III სა­კავ­შ. ყრი­ლო­ბა. იყო ყრი­ლო­ბის თავ-­რის მო­ად­გი­ლე. ის კითხულობდა ლექ­ცი­ებს სა­ქარ­თვ. სხვა ქალაქებშიც – ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, ბა­თუმ­ში (1935-1939). ა. ალ.-ს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი  სამეცნ.  ნაშრომი. გეოგრ. ინ-ტის თანამშრომლებთან ერთად, მან გამოსცა 1:1,000,000 მასშტაბის საქართვ. ფიზ. რუკა და დაამუშავა საქართვ. კომპლექსურ-გეოგრ. ატლასის პროექტი, რ-იც გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე (1964). იყო ატლასის სამეცნ. რედაქ­ტორის მოადგილე და რუკათშედგენის პროცესის ხელმძღვ. ატლასში ჩართულია სხვადასხვა მასშტაბის 170-ზე მეტი რუკა. ატლასის შემქმნელ კოლექტივს და, მათ შორის, ა. ალ.-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). ატლასი სამეცნ.-საცნობარო ხასიათის კარტოგრაფიული ნაწარმოებია, სადაც შეჯამებულია გეოგრ. და მონათესავე მეცნიერთა მიღწევები საქართვ. ტერიტორიის ბუნებრივი პირობებისა და სოც.-ეკონ. განვითარების სამეცნ. გამოკვლევათა სფეროში. ტოპოგრაფიულ რუკებზე დაყრდნობით, ა. ალ.-მ პირველმა დაამუშავა გეომორფოლოგიური ბლოკდიაგრამების აგების მეთოდიკა. ეს სა­კითხ­ე­ბი აი­სა­ხა მის დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში „გეომორფოლოგიური ბლოკდიაგ­რამები და მათი აგების მეთოდები“ (1955). ნაშრომმა თსუ-ის II პრემია დაიმსახურა. ა. ალ.-ს ნაშრომებში უმთავრესად გაშუქებულია კარტოგრაფიის თეორიული საკითხები. ფილოსოფიურ ჭრილში მას განხილული აქვს კარტოგრაფიის მრავალი ემპირიული მასალა და ამ გზით ახსნა კარტოგრაფიის თეორიის ძირითადი საკითხები. იგი იკვლევდა აგრეთვე გეოგრაფ. და კარტოგრაფიის სისტემური ერთობის, ადამიანისა და გარემოს ურთიერთმოქმედების საკითხებს და სხვ. დაამუშავა სოც. და ეკონ. მოვლენების კარტოგრაფირების მეთოდიკა მთიანი ქვეყნების მაგალითზე. კარტოგრაფიის თეორიისა და რუკათშექმნის საკითხები აისახა ა. ალ.-ს ფუნდამენტურ ნაშრომებში ,,კარტოგრაფია, ზოგადი თეორიის საკითხები'' (1968) და „Метакартография, основные проблемы“ (1974). ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და კარტოგრაფებისათვის სამაგიდო წიგნებად იქცა. თარგმნილია რუსულ და იაპონურ ენებზე. ა. ალ. ხელმძღვანელობდა ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის კარტოგრაფიის განყ-ბას (1966-1975). არის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ჩარ­თუ­ლი მრა­ვა­ლი სტა­ტი­ი­სა და რუ­კის ავ­ტო­რი. ა. ალ. დაჯილდოებეული იყო მედლებით: За оборону Кавказа (1945), За победу над Герма­нией (1945), 20 лет Победы в Вели­кой Отечественной войне 1941-1945 гг (1965), ორ­დე­ნით Знак почёта (1954), За трудовую доблесть (1970), სახელმწიგო პრემიით (1971), დაჯილდოებული იყო საქართვ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა და დიპლომით.

თხზ.: ასლანიკაშვილი, ალ.(1952). რა უნდა ვიცოდეთ გეოგრაფიული რუკების შესახებ. თბ.; ასლანიკაშვილი, ალ. (1955). ჰაეროფოტოგადაღება და მისი მნიშვნელობა. მეცნიერება და ტექნიკა, N 12, გვ. 38-39; ასლანიკაშვილი, ალ. (1955). საბჭოთა კარტოგრაფიის ახალი მიღწევები. მეცნიერება და ტექნიკა, N4 , გვ. 33-34; ასლანიკაშვილი, ალ. (1964). საქართველოს სსრ სოფლის მოსახლეობის გეოგრაფიული განლაგება: [კარტოგრაფიული მეთოდით კვლევის ცდა]. გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები. ტომი 20, გვ. 161-173; ასლანიკაშვილი, ალ. (1976). საბუნებისმეტყველო ცოდნის სახალხო უნივერსიტეტების გეოგრაფიის ფაკულტეტის სავარაუდო პროგრამა. საქ. სსრ უმაღლ. და საშ. სპეც. განათლ. სამინისტრო სახალხო უნ-ტების სამეცნ.-მეთოდ. კაბ-ტი,  განათლება; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 25-26, ISBN 9992806982; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, გვ.. 18, ISBN 978-9941-13-364-0; ლიპარტელიანი, გ. ნიკოლაიშვილი, დ. (შემდგ.). (2018). ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1916-1981), ბიობილიოგრაფია. თბ.